ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი-კონფერენციის მონაწილეებს პატრიარქი დალოცავს

24 მარტს, 19:00 საათზე, პარლამენტის თბილისის სასახლეში, (B კორპუსი, III სართული, სხდომათა დარბაზი) საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დიპლომატიური კორპუსის დუაენი საქართველოში – მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი მიმართავენ.

კონფერენციის ფარგლებში, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, როინ მეტრეველი და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე მოხსენებებს წარმოადგენენ.

 კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერონ.

ღონისძიების დასასრულს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II  მონაწილეებს დალოცავს.

კონფერენციას საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სინოდის წევრები და  სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრებიან.