პენიტენციური სისტემის რეფორმას დეპუტატები დადებითად აფასებენ

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განიხილეს და მიიღეს, დეპუტატები დადებითად აფასებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, წარმოდგენილი ინიციატივები საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას ევროპის მოწინავე სისტემების გვერდით აყენებს. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპელი ექსპერტები სწორად აღნიშნავდნენ, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია. მან წინა ხელისუფლების მმართველობის დროს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და არსებულთან თვალსაჩინო განსხვავებაზე მიუთითა. მისი შეფასებით, მაშინ, როცა 6 წლის წინ ყველა საუბრობდა სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ სასჯელაღსრულების სისტემაში, დღეს მსჯელობა მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე; ღია ტიპის დაწესებეულებების შექმნაზე, სადაც განათლება, დასაქმება და შაბათ-კვირას სახლში წასვლაც კი არის შესაძლებელი; შინაპატიმრობის სერვისზე; ელექტრონულ მონიტორინგსა და წიგნებზე. მან სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობისა და გუნდის მიერ წლების მანძილზე გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა, რომლის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში მოგვარდა გადატვირთულობის პრობლემა, გაუქმდა დაწესებულებები, რომელიც კრიტიკის საფუძველი იყო წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშებში; აშენდა ახალი დაწესებულებები, რამდენიმე კი, კაპიტალურად გარემონტდა. „რაც მთავარია, გაუქმდა, დაინგრა ძველი სასჯელაღსრულების მთავარი სიმბოლო ე.წ. კარანტინის ვიწრო საკნები, განხორციელდა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა და სწორედ კახიშვილის მინისტრობის პერიოდში, დაფიქსირდა სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდიალიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ათასობით პატიმარმა მიიღო იგივე სამედიციონო მომსახურება, რასაც მოქალაქეები სამოქალაქო კლინიკებში იღებენ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და ხაზი გაუსვა პატიმართა C ჰეპატიტისა და ტუბერკულოს სამკურნალო პროგრამებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.

„ეს არის იმ რეფორმების გაგრძელება, რომლითაც შეგვიძლია ძალიან თამამად ვთქვათ, რომ მართლაც რევოლუციური გარდატეხა მოხდა სასჯელაღსრულების სისტემაში და უმძიმესი რეალობა დაიძლია პირველივე ეტაპზე. ამ რეფორმას ყველა საერთაშორისო სტრუქტურა ეხმიანება“, – განაცხადა დეპუტატამა და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე იურიდიული კომიტეტის დასკვნა წარადგინა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საკომიტეტო მოსმენაზე გამოთქმული რამდენიმე პრინციპული ხასიათის შენიშვნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაიზიარა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ვაფასებ მზაობას იმისას, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო, მინისტრი და მისი გუნდი მზად არიან ყველაზე კომპრომისული და ჰუმანური მიდგომები იყოს დანერგილი სისტემაში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფიო კილაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ნაყოფიერი მუშაობის კარგი შედეგია, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მთლიანად, „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ 2012 წლის შემდეგ გრძელდება.

„ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით კიდევ ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რასაც აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამ სტანდარტით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით, ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით ევროპულ ოჯახს, რომლისკენაც ვისწრაფვით. ვახორციელებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც არ არის ორიენტირებული ადამიანის ჩაკეტვასა და იზოლაციაზე, როგორც ადრე იყო“, – აღნიშნა სოფიო კილაძემ. მისი შეფასებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვას, ასევე, მთლიანად საზოგადოებაში უსაფრთხოების განმტკიცებას და ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციას.

ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ წინა ხელისუფლების დროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე და პატიმართა რაოდენობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ჰუმანური და ლიბერალურია. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული სასიკეთო ძვრების შესახებ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაიგოს, ფრაქცია „მწვანეები“ მხარს დაუჭერს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს და შეეცდება, შესაძლებლობის ფარგლებში, თავის მხრივ, საზოგადოებას ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. მან სასჯელაღსრულების მინისტრსა და უწყების გუნდს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

უმრავლესობის დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვაზეა ორიენტირებული, რითაც გრძელდება ხელისუფლების ტენდენცია გადადგას ქმედითი ნაბიჯი ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებისთვის. მისი შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებებით საქართველო ლიდერი ქვეყანა ხდება რეგიონში და მოწინავე აღმოსავლეთ ევროპაში პატიმართა უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.