არ გავხდეთ ის თაობა, რომელმაც შთამომავლებს საბოლოოდ დაუკარგეს აფხაზეთი და სამაჩაბლო!

ქეთი მიქაძე

დევნილი საზოგადოება აცხადებს, რომ საჭირო და უფრო მეტიც, აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში დევნილთა ჩართულობა. თუმცა არის ერთი ხელისშემშლელი გარემოება, როგორც თავად ამბობენ, გაერთიანება ვერ ხერხდება.

რა მდგომარეობაა ახლა, როცა აშკარად გააქტიურდნენ აფხაზეთიდან დევნილთა არასამთავრობოები და ვიზე მუშაობს დრო?

ამ და სხვა საკითხებზე  დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრისდამფუძნებელოთარ ფანცულაიას გავესაუბრეთ.

-თქვენ უკვე წლებია აცხადებთ, რომ აფხაზეთთან მიმართებაში მთავარია დევნილთა ჩართულობა, ამბობთ იმასაც, რომ ვერც ერთი მთავრობის დროს ვერ მოხერხდა დევნილთა კონსოლიდაცია, რაც მთავარი გასაღებია აფხაზებთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის. ბოლო დროს დევნილი საზოგადოების გააქტიურებამ, სხვადასხვა ჯგუფების მიერ გამართულმა აქციებმა თუ სხვა აქტივობებმა დაგვანახეს, რომ დევნილი საზოგადოება მზადაა ჩაერთოს პროცესებში და იბრძოლოს აფხაზეთში დასაბრუნებლად. ახლა მაინც თუ მოხდა გაერთიანება და თქვენი ზრით მიზეზი, რაც ხელს უშლის კონსოლიდაციას.

-დევნილთა ერთიანობა დღემდე რჩება განუხორციელებელ მიზნად. ჩვენ ვერც საერთო პრიორიტეტი – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – გვაერთიანებს. ამ პროცესს სხვადასხვა პარტიული თუ პიროვნული ინტერესების გარდა არაერთი ბანალური მიზეზი უშლის ხელს. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გათიშულობა აზარალებს არამხოლოდ დევნილთამ არამედ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებს. არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია შედგეს იმ პოლიტიკოსთა თუ საზოგადოების ნაწილის ერთიანობა, ვისაც გაჰყვება დევნილი მოსახლეობა.

-დღეისთვის რა სიახლეებია დევნილი საზოგადოების აქტიურობაში და თუ აგრძელებს ფუნქციონირებას დევნილთა საკოორდინაციო ცენტრი?

-დევნილთა საკოორდნაციო ცენტრი აგრძელებს მუშაობას დევნილთა ერთიანობის მიმართულებით. მცირე პოლიტიკური ჯგუფების გააქტიურება კარგი ნიშანია, თუმცა ეს არ არის საკმარისი ახალი ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტების შესაჩერებლად. სასურველი იქნებოდა წონადი პოლიტიკური ძალების შექმნა, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ საკუთარი ელექტორატის მობილიზება და პროცესების ქვეყნის ინტერესების კალაპოტში გადაყვანა..

 -დრო გადის, პროცესები შეუიარაღებელი თვალით წინ არ მიდის, თუმცა თქვენ უფრო მეტად ხართ ჩახედული ამ საკითხებში და რას გვეტყვით-ხედავთ რეალურ ნაბიჯებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად?

გულწრფელად მოგახსენებთ – მე ვერ ვხედავ რეალურ ნაბიჯებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. უფრო მეტიც, სამწუხაროდ გვიწევს ბრძოლა სწორედ საპირისპირო ნაბიჯების წინააღმდეგ ბრძოლა. ასეთად უნდა მივიჩნიოთ არამხოლოდ სუბარის უწყების მიერ წარმოდგენილი დევნილთა შემწეობის რეფორმის კანონპროექტი, არამედ ზოგადად ხელისუფლებისა და გარკვეულწილად ოპოზიციის გულგრილი დამოკიდებულება ტერიტორიული მთლიანობის საკითხების მიმართ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს, ვისაც ქვეყნის ბედი აბარიათ, ეჩქარებათ ძირძველი ქართული მიწების გასხვისება. ასევე საზოგადოებაშიც იგრძნობა გარკვეული ინდეფერენტულობა აღნიშნული საკითხის მიმართ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი არის პრიორიტეტული.

ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნები ჩატარდა, დაგმო ყველამ, არ აღიარეს მისი ლეგიტიმაცია, მაგრამ…ისე ხომ არ არის, ქარავანი მიდისო?..

-აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები თავისთავად უკანონოა და მას არავინ არ ცნობს, თუმცა ყოველი ახალი მოვლენა წარმოქმნის ახალ რეალობას. ხელისუფლება უმწეოა რაიმე შეცვალოს, არ გააჩნია ბერკეტები, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის არც ამის ნებას გამოხატავს, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ხელშესახებ იდეებს. ხოლო ის იდეები (რომლებიც ძირითადად ეხება აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას), საწყისშივე განწირულია და მათ არათუ პროცესებზე გავლენის მოხდენა, არამედ ჰაერის შერხევაც არ ძალუძთ.

-ორიოდე სიტყვით-რა სიახლეებს ველოდოთ აქტიური აფხაზეთელებისგან?

ჩვენ ორ უმთავრეს მტერთან გვაქვს საქმე – პირველი ესაა ეროვნული იდეოლოგიისა და ერთიანობის არქონა, ხოლო მეორე ესაა დრო. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარეობს რუსიფიკაციის პროცესი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ინტეგრირდებიან რუსეთთან, სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებულნი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე. თუკი ქართველები ვერ შევძლებთ საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებას, ერთიანი პლატფორმის შემუშავებას, ჩვენ გავხდებით ის თაობა, რომელმაც საკუთარ შვილებს და შთამომავლებს დაუკარგეს აფხაზეთი და სამაჩაბლო.

-დრო ვიზე მუშაობს ამჯერად? თაობები იზრდებიან აფხაზეთის გარეშე და თითქოს ცივდება რაღაც…

-დრო კიდევ არის, მაგრამ ყოველი წუთით ის სულ უფრო ცოტა გვრჩება. დროა გამოვფხიზლდეთ!