არ უნდა დაგვავიწყდეს ის პასუხისმგებლობაც, რაც ვიზალიბერალიზაციას თან ახლავს

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველო თავის ბუნებრივ ადგილს – ევროპას დაუბრუნდა.

-“საქართველო თავის ბუნებრივ ადგილს – ევროპას დაუბრუნდა. გზა, რომელიც ევროპული საქართველოსკენ იყო მიმავალი, ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გაიარა და დღეს უკვე პირველი ტურისტი მიიღო ევროპამ საქართველოდან უვიზოდ. ვულოცავ ამ დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!

ეს დღე საქართველოსთვის ისტორიულია და ამავე დროს, დიდი გამოცდის დღეც, რადგან საქართველოს თითოეული მოქალაქე ამავდროულად საკუთარი ქვეყნის ელჩიც ხდება, რაც თავის მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა.

გარდა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია კარგი შესაძლებლობაა, გაიცნონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ევროპული ღირებულებები, მიიღონ განათლება, ჩაატარონ შემოქმედებითი საღამოები და სხვა არაერთი სიკეთით ისარგებლონ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის პასუხისმგებლობაც, რაც ამ პროცესს თან ახლავს. უნდა ვეცადოთ, არ დავარღვიოთ ის პირობები, რაც ევროპის ტერიტორიაზე 180 დღის მანძილზე უვიზოდ მიმოსვლას ახლავს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი სანქციები ამოქმედდება, რაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. ვიზალიბერალიზაციით ისარგებლებენ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოქალაქეებიც. ეს არის შანსი და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ მნიშვნელოვანი სიახლით აუცილებლად ისარგებლებენ, რადგანაც გააცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია განვითარებისა და წინსვლისთვის ევროპული გამოცდილების მიღება.

მოვუწოდებ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, კულტურის, განათლების და სპორტის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, გაითავისონ საქართველოს ეს ძალიან დიდი მიღწევა – ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა და განსაკუთრებით სტუდენტები აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლებების მხრიდან იქნება ხელშეშლა და გარკვეული აკრძალვის ღონისძიებებიც, მაგრამ ახალგაზრდები ჩარჩოებს არ ცნობენ, ამიტომ ვფიქრობ, მავთულხლართების იქეთ დარჩენილი ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები, არ მოექცევიან ადგილობრივი ჩინოსნების გავლენის ქვეშ და უარს არ იტყვიან ამ უნიკალურ შანსზე, რომ მიიღონ ევროპული განათლება, აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც შენგენის სივრცეში ჩატარდება და ამ გზით დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება, საკუთარ სამშობლოში გამოიყენონ. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი აფხაზებთან და ოსებთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის კუთხით.

ჩვენ, ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს ისევე სრულყოფილად ისარგებლონ ევროპაში უვიზო მიმოსვლით და იმ სიკეთეებით, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებმა.