“ცენტრ პოინტის” დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან მოითხოვენ

ცენტრ პოინტის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ უბინაოდ დარჩენილმა მოქალაქეებმა პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს.

ცენტრ პოინტის დაზარალებულთა ნაწილი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კომპანიის დამფუძნებლებს 4-4 წელი მიესაჯათ.

მათი თქმით, მიყენებულ ზიანათან შედარებით სასჯელი მცირეა. ცენტრ პოინტის დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან მოითხოვენ.

„აუცილებლად მოვითხოვთ ყველა ობიექტის დაყადაღებას. სახელმწიფო ჩადგეს შუამავლად, შემოიყვანოს რეალური ინვესტორები და არა თაღლითების მოგონილი ინვესტორები. ჩვენ არ გავჩერდებით, არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით ამ თაღლითობას და გავაპროტესტებთ,“-აცხადებენ დაზარალებულები.

დაზარალებულების მოთხოვნებს უპასუხა საქმის პროკურორმა. დავით გუმბერიძე ამბობს, რომ ინვესტორის და მშენებლობის დასრულების საკითხს ბრალდების მხარე ვერ უზრუნველყოფს.

პროკურორის განმარტებით, დაზარალებულებმა ინდივიდუალურად უნდა მიმართონ სასამართლოს და ამ ფორმით უნდა მოითხოვონ ზარალის ანაზღაურება. პროკურორები დღეს მენაშენეებს შეხვდნენ.

ბრალდების მხარე ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა მოხდეს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრება, რომელიც ლეგალიზების ეპიზოდს ეხება და რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა.

„ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია განაჩენთან დაკავშირებით, რაც შეეხება ლეგალიზაციის ეპიზოდს, დაველოდებით სასამართლოს მიერ გადაცემულ განაჩენს და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ გასაჩივრების ნაწილზე. თითოეული მათგანი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას სრულად, ეს იქნება როგორც მატერიალური ზიანი, ასევე მორალური. ამ კუთხით ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, რომ სამოქალაქო დონეზე მათ შეუძლიათ მიიღონ ეს განაჩენი იგივე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. რაც შეეხება ინვესტორის საკითხს, მშენებლობის დასრულებას, ბრალდების მხარე ამას პასუხს ვერ გავცემთ,“ – განაცხადა დავით გუმბერიძემ.