კამპანია “ეს შენ გეხება” აქციების გამართვას არ გამორიცხავს

უკვე ცნობილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დამტკიცებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. კამპანია “ეს შენ გეხება” არც აქციების გამართვას გამორიცხავს.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, “ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მოსმენების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება, ლოგიკურია, რომ მან თავისი უფლებამოსილება გამოიყენოს და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, სარჩელის ელექტრონული ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალებას აძლევს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
მოქალაქეებს შეუძლიათ შევსებული სარჩელი ამობეჭდონ, ხელი მოაწერონ და მიაწოდონ 6 აპრილს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისი. ასევე, შეუძლიათ უშუალოდ მივიდნენ დასახელებულ მისამართზე და შეავსონ სარჩელი. ამისთვის თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.