“სახელმძღვანელოები ძალიან მძიმეა, გაკვეთილების რაოდენობა კი ბევრი”-ცვლილებები სკოლაში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ „პირველკლასელთა სახელმძღვანელოები ძალიან მძიმეა და ხშირად მოზარდებში ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს“.

​მისივე თქმით, გაკვეთილების რაოდენობა არის ძალიან ბევრი, განსაკუთრებით შუა კლასებში და გაკვეთილების ცხრილი, შეძლებისდაგვარად, უნდა განიტვირთოს.

”აქ ორი ძირითადი მიმართულებაა, ერთი არის ახალი სახელმძღვანელოები, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ გვინდოდა, რომ წელს შესულიყო ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში, თუმცა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, წელს გვექნება ელექტრონული ფორმატები და მომავალი წლიდან, უკვე დაბეჭდილ წიგნებს მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები. ეს სახელმძღვანელოები იქნება უფრო მსუბუქი, ეს არის ერთი მიმართულება, დიდტანიანი სახელმძღვანელოები გაიყოფა ორ ნაწილად. მეორე მიმართულება არის ის,რომ ვფიქრობთ, გაკვეთილების რაოდენობა ძალიან ბევრია, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების ცხრილი, შეძლებისდაგვარად, შედარებით განვტვირთოთ. რამდენი იქნება მაქსიმალური გაკვეთილი ჯერ არ ვიცით, ამაზე სპეციალისტები მუშაობენ. ეს ყველაფერი მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყება” – განაცხადა მინისტრმა.