“მოსკოვის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში დესტრუქციული ნაბიჯები გააქტიურებულია”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, სერგეი ლავროვი შეხვდება ე. წ. პრეზიდენტს და ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრს და გახსნის რუსეთის ე. წ. საელჩოს ახალ შენობას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალსა და სოხუმში ე. წ. საელჩოების პროექტები უკვე გამოაქვეყნა.

ლავროვის ვიზიტს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა უწოდა და განაცხადა, რომ “მოსკოვის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში დესტრუქციული ნაბიჯები გააქტიურებულია”.

„მან ასეთი ვიზიტები 2011, 2009, 2008 წლებშიც განახორციელა. რუსეთმა ბოლო ხანს სხვა დესტრუქციული ნაბიჯებიც გადადგა საქართველოსთან მიმართებაში. ყოველივე ეს საერთაშორისო სამართლის უხეში ხელყოფაა და ასე აფასებს ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.