„გახადე შენი ქალაქი უკეთესი“

პარლამენტმა დღეს სტუდენტურ კონკურსს – „გახადე შენი ქალაქი უკეთესი“ ფინალისტებს უმასპინძლა. კონკურსის იდეა ნაძალადევის N17 ოლქისმაჟორიტარ დეპუტატს სოფო კილაძეს ეკუთვნის, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ სტუდენტების წახალისებას რეალობად აქციონ თავიანთი სოციალური იდეები, მეორე მხრივ, კი, ნაძალადევის მოსახლეობისთვის სოციალური კეთილდღეობის მოტანას.

პროექტი ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა თავიანთი იდეები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში წარადგინეს. საუკეთესო იდეების ავტორებმა დღეს, საქართველოს პარლამენტში ჟიურის და აუდიტორიის წინაშე თავიანთი პროექტების პრეზენტაცია გამართეს.

პროექტის გამარჯვებული კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა, რომელსაც ნაძალადევის N 17 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი სოფო კილაძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ანა ფირცხალაშვილი და ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარული ბიუროს უფროსი ნინო კვარაცხელია წარმოადგენდნენ.

კონკურსის გამარჯვებული კრისტინე კირაკოსიანის პროექტი გახდა, რომელიც თბილისში, კერძოდ კი, ნაძალადევის რაიონში მოძრავი სამარშუტო მიკროავტობუსების გადაადგილებაზე და მიმოსვლის განრიგზე მობილური აპლიკაციის შექმნას შეეხებოდა.