“რუსეთის ქმედება ეწინაღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს”

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის გამო  აღშფოთებას გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა”.

“უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომადგენლობის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობიით. სხვა შემთხვევაში, ასეთი ქმედება წარმოადგენს, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.  რუსეთის ფედერაციის მცდელობები საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციით მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ყოფნის ლეგალიზაცია ეწინაღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და ასევე, საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს.”- ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის.