ალეკო ელისაშვილი – გაგვიმართლა და ქვეყანას ჰყავს მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ – მოლაპარაკება შეთანხმებით უნდა დასრულდეს და არა იმით, რომ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს

კიდევ კარგი, გაგვიმართლა და ქვეყანას ჰყავს ასეთი მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ, ქვეყანა შუაზე გავგლიჯოთ და ჩიხში შევიყვანოთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაანონსებული ვიზიტის კომნტირებისას განაცხადა.

“კიდევ კარგი, გვყავს ისეთი მეგობრები, ამ შემთხვევაში ევროკავშირის სახით, რომლებიც ცდილობენ მაგიდასთან დაგვსვან – ჩვენი ეს შეუთანხმებელი წახნაგები როგორმე დაამრგვალონ და შეთანხმებამდე მიგვიყვანონ. მადლობა ამისთვის. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები ამ ჯერზე მაინც შედეგით დასრულდება და საზოგადოებაში ისევ ის დიდი იმედგაცრუება არ იქნება. ყველამ კარგად უნდა გავიზაროთ, რომ ჩვენს ზურგსუკან არის ხალხი და შევწყვიტოთ ამ ქვეყნის ჯანჯღარი. „რადგან მე ასე მინდა, ასე უნდა მორჩეს“, ეს ასე არ ხდება. ხელის გადაწევა არ არის მოლაპარაკებები, მოლაპარაკება უნდა დასრულდეს შეთანხმებით და არა იმით, რომ იქ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს და ხელი გადაუწიოს”, – განაცხადა ელისაშვილმა.