“ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით არ ირჩევს”

გიორგი გახარიამ სამთავრობო სხდომაზე  მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსთან  ბრძოლის  მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა  და ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ეკონომიკური მდგრადობა შეინარჩუნოს.  მან  პოლიტიკურ ოპონენტებზეც ისაუბრა: “მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და მოვახდინოთ ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ამ გამოწვევის ზეგავლენის მინიმიზაცია“ – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა შატილში 2019 წელს დამწვარ სკოლა-პანსიონის აღდგენაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მთის ფონდიდან გამოიყოფა 1,5 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები და  შატილში ბავშვებმა შეუფერხებლად გააგრძელონ სწავლა.