გულიკო ზუმბაძე სახალხო დამცველის აპარატს 20 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 20 წლისაა

საქართველოს სახალხო დამცველს და მის აპარატს 20 წლის იუბილეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ულოცავს.

 -„უკვე 20 წელია, რაც საქართველოში სახალახო დამცველის ინსტიტუტი  არსებობს.  ამ ინსტიტუტის დაკანონებით ქვეყანამ უფრო მაღალ  ხარისხში აიყვანა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საკითხი, რითაც დაადასტურა, რომ იგი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ნაწილია, – იმ სამყაროსი, რომლისთვისაც პიროვნების ძირითადი უფლებები – სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა -გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის – წარმოადგენს პრიორიტეტს და მთავარ სახელმძღვანელო პრინციპებს.

2 საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც პირველად გაიჟღერა ომბუცმენის თანამდებობის იდეამ. 1809 წლიდან დღემდე ეს იდეა გაიზიარა 100 მეტმა ქვეყანამ. საამაყოა, რომ მათ შორისაა საქართველო. თუმცა, დღეს ყველა ქვეყანაში ერთნაირად ეფექტურად ვერ ხორციელდება ომბუცმენის ინსტიტუტის საქმიანობა, რადგან ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. პირველ რიგში კი იმაზე, თუ რამდენად ითვალისწინებს ქვეყანა ადამიანის საერთაშორისო უფლებებს. ამიტომაა, რომ საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი თავისი არსებობის მანძილზე მეტ-ნაკლები წარმატებულობით საქმიანობდა. ბოლო რამდენიმე წელია ეს საქმიანობა მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მრავალი საერთაშორისო სამართლებრივი აქტის ხელმომწერი. იხვეწება ამ სფეროში ეროვნული კანონმდებლობაც.

ომბუცმენის ინსტიტუტის ეფექტურობა ასევე პირდაპირ კავშირშია საზოგადოების სამოქალაქო კულტურის ხარისხთან. საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა საზოგადოებრივი ცნობიერების და ტოლერანტული განწყობების მაღალ დონეს მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ ომბუცმენის ინსტიტუტი ხელს უწყობს აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას.

მნიშვნელობა აქვს ომბუცმენის პერსონასაც. იგი არის ღირსეული დამოუკიდებელი პირი, რომელსაც პარლამენტმა მიანიჭა უფლებამოსილება განხორციელოს ზედამხედველობა ადამიანის უფლებების დაცვაზე.  მას აქვს საზოგადოების მაღალი ნდობაც. ეს ფაქტორები ხელს უწყობს ქვეყანაში სამართებრივი გარემოსა და საზოგადოების ზნეობის სრულყოფას.

 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია ულოცავს სახალახო დამცველს და მის აპარატს ამ ღირსშესანიშნავ საიუბილეო თარიღს და უსურვებს წარმატებებს საქმიანობაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“-ნათქვამია გულიკო ზუმბაძის განცხადებაში.