სერგო ჩიხლაძე – ხელისუფლებამ, არ მგონია, ისეთი არაგონივრული ნაბიჯი გადადგას, ნიკა მელია დაიჭიროს ან უფლებამოსილება შეუწყვიტოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავებას ან მხოლოდ მისთვის მანდატის გაუქმებას ხელისუფლება ვერ შეძლებს.

ჩიხლაძის თქმით, ხელისუფლებამ მსგავსი არაგონივრული ნაბიჯი არ უნდა გადადგას.

„თვითონ ნიკამ ახსნა, რომ გირაოს სახით მას უკვე აქვს ეს ვალდებულება და გირაოს კიდევ გირაოთი დამძიმება და თანხის გაზრდა, არასწორია. არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ისეთი არაგონივრული ნაბიჯი გადადგას, ან დაიჭიროს ან უფლებამოსილება შეუწყვიტოს მხოლოდ მას. არ მგონია, ეს მეორედ გამეორდეს. რაც შეეხება მშვიდობიან პროტესტს, ასეთი პროტესტი თუ იქნება, ჩვენ მას შევუერთდებით. პროტესტის თემა უნდა იყოს ეს არაგონივრული შეზღუდვები, როგორიცაა 21:00 საათზე კომენდატის საათის დაწყება, ამას ყველანი უნდა შევეწინააღმდეგოთ როგორც პარტიები, ასევე მოქალაქეები“, – განაცხადა ჩიხლაძემ.