„საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს…”

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ნინო გოგუაძე, ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პარლამენტის წევრმა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობისა და საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი არის ევროპის საბჭოს ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მის წევრ სახელმწიფოებში. წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპულ ქვეყნებში ძალიან მნიშნელოვანი ცვლილებებისა და გაუმჯობესების მიმართულებით. ჩემი ქვეყნის შემთხვევაში, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშები და რეკომენდაციები იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დასჯაზე ორიენტირებული სისტემის თანამედროვე სასჯელაღსრულების სისტემად გარდაქმნის საქმეში, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

როგორც სესიის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა აღნიშნა, საქართველო წამების ევროპულ კომიტეტთან თანამშრომლობას აგრძელებს. ნინო გოგუაძის განცხადებით, საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.

„საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, პენიტენციარულ სისტემაში, რომელიც იყო აღნიშვნის საგანიც და დღევანდელ გამოსვლაში იმ მიღწევებზე, იმ პოზიტიურ ცვლილებებზე გამახვილდა ყურადღება, რომელიც პენიტენციარულ სისტემაში ბოლო წლების მანძილზე განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას ამ ინსტიტუტთან და მისი რეკომენდაციები, მისი ანგარიშები საქართველოსთან მიმართებაში სულ უფრო და უფრო პოზიტიური ხდება. საქართველო ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც აქვს მას ნაკისრი“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.