„ევროპის დღის“ აღნიშვნა დაიწყო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმაევროპის დღისაღნიშვნა დაიწყო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი გარდაბანში, მაჟორიტარ დეპუტატ, სავალან მირზოევთან, ხოლო რუსთავში გიორგი ბეგაძესთან ერთად, საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ისაუბრა თემაზე: „საქართველო და ევროკავშირი“.

შეხვედრები კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც ფონდის სამხრეთ- კავკასიის წარმომადგენლობითი ოფისის დირექტორი – ტომას შრაპელი მონაწილეობდა. მან საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციაზე და ევროპაში საქართველოს უკეთ გაცნობის საჭიროებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა იმისთვის, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს. „მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს პირადად მოვუსმინოთ და გავიგოთ, თუ რა არის საქართველოს ახალგაზრდებისთვის ევროპა. ჩვენ არ ვცდილობთ თქვენ რაიმე გასწავლოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რა იცით, რა გაინტერესებთ და რა გინდათ იცოდეთ ევროპის შესახებ“, – განაცხადა ტომას შრაპელმა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა თავისი გამოსვლისას ევროპული იდენტობის საფუძველზე ისაუბრა. „ჩვენ გეოგრაფიულად და კულტურულად ევროპის ნაწილი ვართ. ევროპა უპირველესად, ღირებულებათა სისტემა და ცხოვრების წესია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ. ევროპა იმ უფლებების, გამოყენების შესაძლებლობას გვთავაზობს, რომელიც მშვიდობაზე, სოლიდარობასა და ურთიერთპატივისცემაზე დგას. იქ განსხვავებული ადამიანები თანასწორად, ერთად ცხოვრობენ, რომლებიც ევროპის ერთ დიდ, მთლიან სივრცეს ქმნიან. ჩვენ აზროვნებით და კულტურით ძალიან ახლოს ვართ ამ სივრცესთან და მალე ევროპის სრულფასოვანი წევრები გავხდებით“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

სტუმრებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

დეპუტატებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს კონკურსზე, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გაიმართება. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები – თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ წარმოადგინონ. კონკურსის მოსაწილეებს პარლამენტში 8 მაისს უმასპინძლებენ და საუკეთესო ნახატების ავტორებს დააჯილდოებენ.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და კორნარდ ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებისა და მაჟორიტარ დეპუტატების შეხვედრები, 27-28 აპრილს, უკვე მარნეულისა და ახალქალაქის სკოლებში გაიმართება.