უნდა ვისწავლოთ მოზარდებთან ურთიერთობა

ბლოგი

თეა ჯიქიძე

მოზარდთან ურთიერთობა

მოზარდები ზრდის და განვითარების ამ პროცესზე განიცდიან მწუხარებასაც და სიხარულსაც.ისინი გამუდმებით აფასებენ საკუთარ თავს,სხვებს და თავიანთი მე-ს ხატს ამოწმებენ. ისევე როგორც განვითარების ყველა ეტაპს, მოზარდობასაც აქვს თავისი სიძნელეები,რომლებიც საჭიროებენ ახალ უნარებს და აქვს თავისი ამოცანა, „მიზანი“, რომლებსაც ემსახურება.

აქ უნდა გამოვყოთ ორი ასეთი მიზანი:

1. მშობლებისგან გამოყოფა,დამოუკიდებლობის და ავტონომიის მიღწევა

2. იდენტურობის ჩამოყალიბება, რაც ნიშნავს შემოქმედ და დამოუკიდებელ მე-ს, რომელშიც ჰარმონიულადაა შერწყმული მოცემული პიროვნების სხვადასხვა ელემენტები.

სანამ ეს ამოცანები საბოლოოდ განხორციელდება, მოზარდები ბევრჯერ განიცდიან ფრუსტრაციას „სამყაროში თავიანთი ადგილის ძებნისას“(კრაიგი,2014)ასეა თუ ისე, ეს პერიოდი არის შეზღუდული უფლებების, შესაძლებლობების ხანა და ამავდროულად არის ბილიკი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ.ერიკსონის მიხედვით, ეს არის ეტაპი, რომელიც პიროვნებას აძლევს სხვადასხვა როლების შესწავლის და ექსპერიმენტების საშუალებას.ეს მახასიათებლები მოზარდების ასაკს ხდის წინააღმდეგობრივს,ამიტომაა, რომ მათი ქცევაც წინააღმდეგობრივია-ესაა გასაოცარი შერწყმა სიმწიფისა და ბავშვობის.

ხშირად ხდება მოზარდების ფსიქოლოგიური ტრამვების გადაფასება, რასაც თან ახლავს ორი პრობლემა:

1. ყველა მოზარდს აკრავენ ერთსა და იმავე „ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ მყოფის“ იარლიყს.

2. ზოგჯერ სერიოზულად არ უყურებენ იმ მოზარდების პრობლემებს, რომელთაც მართლა სჭირდებათ დახმარება,ფიქრობენ რა, რომ ეს პრობლემები არის განვითარების ნორმალური გამოვლენა.

ამის გამო საჭიროა კარგად გავერკვეთ, რა შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად და რა-პრობლემად. მოზარდები თანატოლებთან დამოკიდებულებაში დიდ აქტიურობას ავლენენ.ამ პერიოდში ყალიბდება მოზარდთა „ამხანაგობის კოდექსი“, რომლის ძირითადი პრინციპები და ნორმებია: თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა, ერთგულება, ამხანაგის დახმარება ნებისმიერი ფორმით.

მოზარდის მიერ ამხანაგის და მეგობრის შეფასება ამ კრიტერიუმებით ხდება. სწორედ ამიტომ მოზარდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრების გარემო და მეგობრების ყოლა რათა, ხშირად გამოავლინონ და გამოამჟღავნონ თავიანთი შესაძლებლობები, თავიანთი ემოციები, ტალანტი და სხვა. მკვლევრები მიუთითებენ, რომ მოზარდებს მეგობრული ურთიერთობის დამყარება იმისთვისაც უნდათ, რომ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული საკუთარ თავში დარწმუნებულობის განცდა, მეგობრები კი მათ ძალასა და იმედს აძლევენ.მეგობრები ეხმარებიან ერთმანეთს საკუთარი „მეს“ ჩამოყალიბებაში. მოზარდის მიერ არჩეული მეგობარი, უმეტესად მისი თანატოლია, რის გამოც მათ ბევრი საერთო ინტერესები და მისწრაფებები აქვთ.

მოზარდის მიერ მეგობრის მიმართ წაყენებული ძირითადი მოთხოვნები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

1. მეგობრობაში მთავარია პატიოსნება, ნდობა და ერთგულება.

2. სიმართლე, გულწრფელობა

3. მზრუნველობა, დახმარება,და ურთიერთდახმარება.

როგორც უკვე ითქვა ნამდვილი მეგობრობა უცებ არ აღმოცენდება.ჩვეულებრივ მას წინ უსწრებს ძიება, ფიქრი, განსჯა,მარცხიც, თავიდან მეგობრობა რთულდება რადგან გარდატეხის ასაკში მოზარდი მაღალ სტანდარტებს უყენებს მეგობარს , თავად კი ნაკლებადაა საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული…თუმცა მეგობრის რჩევას ხშირად ითვალისწინებს და ეს მასთან მიდგომის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, თუნდაც მშობელისათვის, რომელიც მოზარდს გვერდში უდგას არა როგორც მშობელი არამედ როგორც მეგობარიც.ასევე აღანიშნავია ისიც, რომ მეგობრობა ყოველთვის არ ატარებს დადებით ხასიათს,ხშირად მათი ურთიერთობა აღმოცენდება არაჯანსაღი ურთიერთობის,გატაცებების და ფუჭი ურთიერთობის ხარჯზე.

მოზარდთა ანტისოციალური ქცევის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს სოციალური უნარჩვევების ნაკლებობა, არაადექვატური საცხოვრებელი პირობები, , არასწორი აღზრდა სოციალური უნარჩვევების ნაკლებობა და სხვა…ბანდურას სოციალური დასწავლის თეორიის თანახმად, ანტისოციალური ქცევის მოზარდები მაგალითს იღებენ საზოგადოების ანტისოციალური გმირებისგან, რომლებიც ერთგვარი პოპულარობით სარგებლობენ, მაგალითად „კანონიერი ქურდები“….ასევე ანტისოციალური საქციელის მიზეზი შეიზლება გახდეს მასზე მიწერილი როლები,რომლებიც არანაკლებ საყურადღებო, და მნიშვნელოვანი თემაა, მათთან ურთიერთობისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ გამორქმეული სახელები და როლები ან სტატუსები, გამოიწვევს იმას რომ მოზარდები სწორედ ისეთები გახდებიან როგორებადაც მათ მოვიხსენიებდით, ანუ გაამართლებენ ჩვენს წამოძახილებს, ვინაიდან ისინი მოწყვლადნი არიან და მარტივად შეიძლება მათი თვითშეფასებისა და სოციალური განწყობის ან ზნეობის დანგრევა, შესაბამისად მიწებებული,როლი აიძულებს მოზარდს გაამართლოს ეს როლი.