იტალიელი ჟურნალისტი: ქართული ხაჭაპური პიცაზე გემრიელია…

იტალიური გამოცემების «National Geographic Traveler» და «Touring» ჟურნალისტები ქართული ხაჭაპურით აღფრთოვანებულები არიან და აცხადებენ, რომ „ხაჭაპური პიცას სჯობს“. მედიის წარმომადგენლების თქმით, ისინი მთლიანად ქართულმა სამზარეულომ გააოცა და ყველას ურჩევენ ერტხელ მაინც გასინჯონ ქართული ტრადიციული კერძები.

«National Geographic Traveler» და «Touring» წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმზე მასალის გასაკეთებლად ჩამოვიდნენ, მათი მიზანი იყო იტალიელებისთვის და არა მარტო მათთვის საქართველოს პოტენციალის გაცნობა.

მუშაობის პროცესში, როცა გამოცემის «National Geographic Traveler» რედაქტორი ტინო მანტარო ქართულ ტრადიციებს და კულტურას ეცნობოდა, დიდი კულინარიული აღმოჩენა გააკეთა და ახლა ამ აღმოჩენას თავის იტალიელ მკითხველს გააცნობს.

-„იტალიელები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში უგემრიელეს კერძებს და საუკეთესო ღვინოს აკეთებენ, მაგრამ საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, ჩემი სტატიის საშუალებით ყველას დავარწმუნებ, რომ ქართული ღვინო არაფრით ჩამოუვარდება იტალიურს, ქართული ხაჭაპური კი პიცაზე გემრიელია“-განაცხადა მანტარომ.

მისივე თქმით, იტალიელებმა ბევრი არაფერი იციან საქართველოს შესახებ და ხშირად ერევათ ის აშშ-ს შტატ ჯორჯიაში.

-„მიზნად დავისახე ტურისტულ რუკაზე დავიტანო საქართველო, რათა იტალიელმა მოგზაურებმა ამ შესანიშნავ ქვეყანაზე შეაჩერონ არჩევანი“.

იტალიელმა სტუმრებმა არა მარტო დააგემოვნეს ქართული სამზარეულო, არამედ თავადაც მოამზადეს კერძები და ხაჭაპური.