“ძნელია სასამართლოს მიმართ პრეტენზიები არ გამოთქვა, ხოლო მედიას აუკრძალო კრიტიკა…”

შორენა კოწოწაშვილი

ჟურნალისტი

-“ძალიან დიდი ხანის მანძილზე ვწერდი ყოველდღიურ გაზეთში სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ მდგომარეობაზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე, უსამართლო სამართალზე, პოლიტიკურ განაჩენებზე, ყველაფერ იმაზე, რაც სამართლიან მართმსაჯულებასთან აშორებს ჩვენს ქვეყანას.

ათწლეულებია ყველა სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე და სასამართლოს მიერ დაკანონენულ უსამართლობაზე საუბრობს, თუმცა როგორც ჩანს ამ საუბრებს მხოლოდ ერთი დატვირთვა აქვს- ყველას თავისი სამართალი და პოლიტიკური ინტერესები აქვს და სწორედ ეს უდევს საფუძვლად იმ არაერთ ტალღას, რომელიც ძალიან დიდი თანხების ფასად ჩატარდა სასამართლოს რეფორმის და ევროპულთან მიახლოვების კუთხით და რა მივიღეთ?!. მოსამართლის მიერ საქართველოს სახელით გამოტანილი უკანონო და უსამართლო განაჩენები, რის საფუძველზეც ადამიანებს არა მხოლოდ 15-20 და მეტი წლითაც მიესაჯათ პატიმრობა, არამედ დაკარგეს ქონებები და ოჯახები ფაქტობრივად განადგურდა, ჩვეულებრივ მოვლენად მივიჩნიეთ ანუ გამოდის მოსამართლის დანაშაული არც დანაშაულია და არც სასამართლოდან გაშვებას ექვემდებარება, თუმცა, რომელ გაშვებაზეა ლაპარაკი, როცა ეს ხალხი, რომელიც მესამე ხელისუფლებას ქმნის უვადოდ დანიშვნას ითხოვს და ელის, თან გარკვეული პრეტენზიები გაუჩნდათ და უნდათ, რომ ის „შავი ტალახი“, რომელიც ნებით თუ მონური მორჩლებით დაიმსახურეს, ახლა თავისუფალმა მედიამ ჩამორეცხოს.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს… რაც შეეხება ამ ჩამორეცხვის გეგმას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკმაოდ ცნობილი წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერდა, მინდა სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ ეს გეგმა არ იმუშავებს. ეს უკვე სცადეს ნაცებმა და შედეგი, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. მესმის, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტული შტო უნდა იყოს, მაგრამ ავტორიტეტი ცალკეულ მედიასაშუალებებში წარმოებული პიარით არ მოიპოვება. ვერც სასამართლოს განაჩენების გამოქვეყნება და ვერც ცალკეულ მოსამართლეებთან ინტერვიუები ვერ გაზრდის სასამართლოსადმი ნდობას.

რაც შეეხება კრიტიკის შეზღუდვას, რასაც ჩემმა კოლეგამ სამართლიანად უწოდა ცენზურის მცდელობა, ეს დაუშვებელია. ცვლილებები სხვა კუთხით არის გასატარებელი და თანაც არა მხოლოდ, უშალოდ სასამართლო სისტემაში. ცვლილებებს საჭიროებს პროკურატურაც და ადვოკატთა კორპუსიც. კვალიფიცირებული კადრები ამ სამივე შემადგენლის, რომლებიც მაღალკვალიფიციურად იმუშავებენ თითოეულ საქმეზე და იმ ხარვეზებსაც გამოკვეთენ, რაც საკანონმდებლო კუთხით არსებობს, გარკვეული წლების მერე სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.

ამ ეტაპზე ძნელია სასამართლოს მიმართ პრეტენზიები არ გამოთქვა, ხოლო მედიას აუკრძალო კრიტიკა, რბილად რომ ვთქვათ…