ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნა ვაკის პარკში

ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით არც დღეს დარღვეულა ტრადიცია და თბილისის ვაკის პარკში ისევ შეიკრიბნენ სპეციალურ ფორმებსა და მედლებში გამოწყობილი ვეტერანები. თუმცა დღეს ისინი უკვე თითზე ჩამოსათვლელნი დარჩნენ. ომში მონაწილე ვეტერანების მაგივრად დღეს მათი შვილები აცნობდნენ საზოგადოებას მშობლების თავგანწირვის ისტორიას.
ბატონი მიხეილ ბუცურეიშვილი, რომელმაც თავი ავიაციის პოლკოვნიკად გაგვაცნო სამამულო ომში იბრძოდა. ის დღევანდელ დღეს მსოფლიოს გადარჩენის დღედ აღიქვამს. მხოლოდ პენსიის ამარად დარჩენილ პირველი ჯგუფის ინვალიდს სახელმწიფო, როგორც ომის ვეტერანს, მხოლოდ 22 ლარით ეხმარება. ბატონი მიხეილი ვასილ მჟავანაძის დროინდელ საქართველოს იხსენებს და იმ ეპოქას თავისი ცხოვრების მანძილზე ყველაზე უზრუნველად თვლის.

ქალბატონი ვალენტინა პისაევა დღეს ვაკის პარკში სამამულო ომის გმირებისთვის პატივის მისაგებად მივიდა. ის მართალია თვითონ არ იბრძოდა ომში, მაგრამ ყოველ წელს მიდის მედლებით გამოწყობილი და იმ ადამიანებს მადლობას სწირავს, ვინც ომში გმირულად დაეცა.

ნოდარ საბანაძე ომის ვეტერანის შვილია, ის ამაყობს იმით, რომ მამამისი ბოლომდე იბძოდა დიდ სამამულო ომში. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღესასწაული მისთვის ამაღელვებელია.

დღეს შეკრებილ ვეტერანების  სურვილია,  დღევანდელმა  ახალგაზრდობამ იცოდეს დიდი სამამულო ომის ისტორია და პატივი სცენ იმ მილიონობით ადამიანის ხსოვნას, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

 

ია ქელეხსაშვილი