პარლამენტთან აქციის 3 მონაწილე დააკავეს

ტყიბულის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში აქცია „ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“ დაანონსდა, რომლის ორგანიზატორები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აუდიტორია 115 და რკინიგზის პროფკავშირები არიან.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან 23 საათზე ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით შეიკრიბნენ, ეს იყო ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიაზე გამოხმაურება.

აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173-ე მუხლებით 3 ადამიანია დაკავებული.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კომპანიას, თუმცა პრევენციული ზომები და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.

მათი თქმით, თუ არ შეიქმნა ეფექტური შრომითი ინსპექცია ისინი პერმანენტულ აქციებს განაგრძობენ.

დღეს, ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში 4 მაღაროელი  სიმაღლიდან  გადავარდა.

შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.