12 მაისს დაწყებული კიბერშეტევა შესაძლოა დღეს გაგრძელდეს

ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა WannaCry  რომელიც ჰაკერებმა 12 მაისს გაავრცელეს, დღეს  შესაძლოა მილიონამდე მომხმარებელი დააზარალოს. როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ირწმუნებიან, არსებობს იმის საფრთხე, რომ მილიონამდე კომპიუტერული სისტემა შესაძლოა დღეს დავირუსდეს. ბრიტანული დაზვერვის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანა დაიცვან ჰაკერული დაჯგუფების ახალი კიბერშეტევისგან.   გლობალური კიბერშეტევა, რომელიც 12 მაისს დაიწყო,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების თითქმის 150 ათასი მომხმარებელი დააზარალა, მათ შორის ბრიტანეთის საავადმყოფოები და სხვადასხვა ქვეყნების სამინისტროები. ამ ვირუსის გამავრცელებლებმა ჯერ-ჯერობით 42 ათასი დოლარი “გამოიმუშავეს”.  თითოეული “მსხვერპლისგან” ისინი  დავირუსებული კომპიუტერის აღდგენის სანაცვლოდ  300 დოლარს მოითხოვდნენ.