პარლამენტში “ექვთიმეს” ფილმის სარეკლამო რგოლისა და მიმდინარე სამუშაოების პრეზენტაცია გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ პირველი მხატვრული ფილმის სარეკლამო რგოლისა და მიმდინარე სამუშაოების პრეზენტაცია გაიმართა

„გახდი ქველმოქმედი და ფილმ „ექვთიმეს“ მხარდამჭერი“ – ეს მოწოდება გასდევდა ლაიტმოტივად შეხვედრას, რომელიც დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა და რომელზეც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ პირველი მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ სარეკლამო რგოლისა და მიმდინარე სამუშაოების პრეზენტაცია შედგა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ფილმის გადამღები ჯგუფის წარდგენისას განაცხადა, რომ ფილმის გადაღება ორი წელია მიმდინარეობს მოსახლეობისა და რამდენიმე კომპანიის მიერ გაღებული შემოწირულობებით. მისი თქმით, 120-წუთიანი ფილმის დასამთავრებლად, გადასაღებია სულ რამდენიმე წუთის მასალა, რისთვისაც გადამღებ ჯგუფს დახმარება ესაჭიროება.

„სასიხარულოა, რომ გია ყანჩელმა ფილმის ავტორებს მუსიკალური მხარდაჭერა აღუთქვა. გერმანიაში მოღვაწე მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი თავისივე ხარჯებით ჩამოდის გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად. ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარია ექვთიმე თაყაიშვილზე, ეს არის შესაძლებლობა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი წილი მადლობა გადავუხადოთ ამ ადამიანს იმ უდიდესი და მართლაც შეუფასებელი საქმისთვის, რაც გაუკეთა საქართველოს, ის ხომ ჩვენი ეროვნული განძის მცველია“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ამ ღონისძიებით კომიტეტი გარკვეული ტრადიციის დამკვიდრებას იწყებს, რომლის მიხედვით, ეროვნული მასშტაბის განსაკუთრებულ პროექტებთან დაკავშირებით, პერიოდულად გაიმართება პრეზენტაციები. „აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დოკუმენტურმა ფილმა დიდი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე და ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვება. კომიტეტს სურვილი აქვს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული კულტურისა და ხელოვნების როგორც პოპულარიზაციას, ასევე გარკვეულ ეტაპზე მათ დახმარებასა და მხარდაჭერას“, – განაცხადა მან.

ფილმის შექმნის იდეისა და განხორციელებული სამუშაოების თაობაზე შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაცია ფილმის რეჟისორმა, ლოს-ანჟელესის კინო-სკოლის კურსდამთავრებულმა ნიკოლოზ ხომასურიძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ არა კერძო მხარდაჭერა და ფინანსური თანადგომა, ფილმის გადაღების იდეა განუხორციელებელი დარჩებოდა. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს დაინტერესებისა და გამოჩენილი თანადგომისათვის. მისი თქმით, რომ არა რამდენიმე კერძო კომპანია და თითქმის 5 ათასამდე ადამიანის შემოწირულობანი, ასევე აქციები, ფილმის იდეა განუხორციელებელი დარჩებოდა. „ეს ბევრად უფრო ღირებულს ხდის ალბათ ამ პროექტს. ხალხმა დაუბრუნა ექვთიმეს თავისი სიყვარული და პატივისცემა“, – განაცხადა ფილმის რეჟისორმა.

შემდეგ შეკრებილთ უჩვენეს კადრები დაუსრულებელი ფილმიდან, ასევე გადაღების პროცესის ამსახველი კადრები. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ფილმის მხარდამჭერი კლიპი, რომელიც აჭარის მთავრობისა და მოსახლეობის მონდომებით შეიქმნა.

„ეს არის ეროვნული დონის უმნიშვნელოვანესი პროექტი და მის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე გაგვიჩნდა სურვილი მაქსიმალურად გვერდში ამოვდგომოდით ფილმის შემქმნელებს, რათა ეს მნამდვილად ისტორიული ფილმი წარმატებით დასრულდეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ ჩვენი შვილებისთვის იქნება საინტერესო გაიცნონ ექვითიმე თაყაიშვილის პიროვნება და შეუფასებელი ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, არამედ იგივე ინგლისურენოვანი თარგმანი საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს მართლაც ფენომენალური ადამიანის შესახებ გავიტანოთ ინფორმაცია და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც გახდეს მისი პიროვნება ცნობილი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა პრეზენტაციის შემდეგ.

პარლამენტის წევრებმა ედიშერ თოლორაიამ, ბექა ოდიშარიამ, ისკო დასენმა, მამუკა მდინარაძემ იქვე განაცხადეს შემოქმედებით ჯგუფისადმი დახმარების თაობაზე. მარიამ ჯაშმა იმედი გამოთქვა, რომ დახმარების სურვილი სხვა დეპუტატებსაც ექნებათ, კომიტეტი ამ პროცესს კურირებას გაუწევს.