BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

25 მაისს,14 საათზე, ქალაქ რუსთავში, რესტორან სამეფოს საკონფერენციო დარბაზში BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომლის მთავარი მხარდამჭერი ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციაა. ფორუმი საზოგადოებას გააცნობს რეგიონში არსებულ ბიზნეს გარემოს, ხელისშემშლელ და ხელშემწყობ ფაქტორებს და წარმოადგენს რეგიონის განვითარების გზებსა და სტრატეგიებს.

BUSINESS GEORGIA რიგით მეორე რეგიონულ ფორუმს ჩაატარებს, რომელიც უმასპინძლებს 200-მდე წარმატებულ ბიზნესმენს, მსხვილ ინვესტორებს, უცხო ქვეყნის საელჩოებისა და მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.  ფორუმის მონაწილეები ისაუბრებენ როგორც ბიზნესის კეთების შესაძლებლობებსა და რეგიონული განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე სახელმწიფოს როლზე ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნაში.

ფორუმზე მიმოიხილავენ რეგიონის განვითარების დინამიკას და ტენდენციებს დარგობრივ ჭრილში, კერძოდ კი,  სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. საუბარი იქნება იმ რესურსებზე, რაც კომერციული სექტორის საქმიანობისათვისაა ხელმისაწვდომი; განიხილება რეგიონის სატრანზიტო მნიშვნელობა – მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, თბილის-ერევნის რკინიგზის ხაზი; სპიკერები ისაუბრებენ ფინანსური რესურსების მისაწვდომობის, სამთავრობო ხელშეწყობისა და ბიზნესაქტივობების დეცენტრალიზაციის დონეზე, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერზე, რეგიონული განვითარების პროგრამებზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

რეგიონული ფორუმების სახით BUSINESS GEORGIA-ამ მიზნად დაისახა მთელი საქართველოს მასშტაბით განვითარების ხარისხის გაზრდა, ასევე ბიზნესმენების დაინტერესება იმ საინვესტიციო რესურსებით, რითაც საქართველოს თითოეული რეგიონი უხვად არის დაჯილდოებული.