რატომ კვდება შიმშილით ხალხი საქართველოში?-კორუფციის გავრცელების სივრცე და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია!

დავით ნებიერიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის” წევრი

სანამ კორუფციის ქრესთომათიაზე ვისაუბრებ, სანამ გავაანალიზებთ მისი წარმოშობის წყაროებს და შედეგებს, მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო:

კორუფცია ობიექტურად განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამ ფაქტის მარტივად ახსნა კი შემდეგნაირად შეიძლება: კორუფცია არღვევს საზოგადოების ცხოვრების ნებისმიერი სფეროს სიჯანსაღეს. რაც საბოლოო ჯამში იწვევს ზოგადად საზოგადოების და თითოეული მოქალაქის პიროვნულ დეგრადაციას. საბოლოო ჯამში კი სახელმწიფოს მთლიანად უკარგავს განვითარების პერსპექტივას. ამავდროუკლად, კორუფცია ცალსახად არის ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა. ზუსტად კორუფციის დონით, მისი მასშტაბებით განისაზღვრება სახელმწიფოს ძალადობრივი ფორმის ხარისხი. რაც უფრო მაღალია კორუფციის დონე ქვეყანაში, მით უფრო მაღალია სახელმწიფოში ძალადობის ხარისხი. ანუ, სახელმწიფოში ძალადობასა და კორუფციას შორის პირდაპირი კორელაციაა. ამ ორ მოცემულობასთან ასევე პირდაპირ კორელაციაში მოდის სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც. ეს ფაქტი ადვილად გადასამოწმებელია. უბრალოდ გადავხედოთ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას. ერთის მხრივ ევროკავშირი, შეერთებული შტატები და მეორეს მხრივ რუსეთი, შუა აზიის რესპუბლიკები და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. შესაბამისად, მსოფლიო იყოფა ქვეყნებად სადაც ძალადობა არ არის ეფექტური და ქვეყნებად სადაც ძალადობა ეფექტურია. ასეთივე განსხვავდებაა ამ ქვეყნებში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ დონეებში.

სამწუხაროდ როდესაც საქმე ეხება კორუფციის თემას საზოგადოების უდიდესი ნაწილი მასთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად განიხილავს მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს და მსჯელობს მათ მაქსიმალურ ეფექტურობაზე. სინამდვილეში კი ეს კორუფციასთან ბრძოლის მხოლოდ საბოლოო ზღუდეა. აქვე მინდა ვთქვა და ზოგადად დავასრულო საუბარი ძალოვანი სტრუქტურების კორუფციის წინააღმდეგ მოქმედებაზე. რამე, თუ გაცილებით მნიშვნელოვანი თემები გვაქვს განსახილველი. კორუფციის წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება ზოგადად სამართლის საკითხს უკავშირდება. კორუფცია დანაშაულია და ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დანაშაულის ჩადენა გარდაუვლად უნდა ისჯებოდეს. ძალოვანი სტრუქტურების მთავარი ამოცანაა საზოგადოებაში დაამკვიდროს დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის გარდაუვალად დადგომის იდეა და მძაფრი მოლოდინი. ანუ, სასჯელი არის მხოლოდ შედეგი რომელიც დგება კანონის დარღვევისთვის – დანაშაული გარდაუვლად ისჯება.

სახელმწიფო მენეჯმენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ”გარემოთა კონცეფციას” და სახელმწიფო მენეჯერთა სივრცით აზროვნებას. უტრირებას თუ მოვახდენთ, კორუფცია ინფექციაა. მასთან ბრძოლაში კი მთავარია ინფექციის წყაროს მოსპობა. ანუ, ისეთი გარემოს შექმნა სადაც ინფექცია ლოკალიზირებულია და არსებული გარემო არ იძლევა მისი გავრცელების საშუალებას.

კორუფციის გავრცელებისათვის აუცილებელია ორი მოცემულობის, ორი სივრცის არსებობა:

1. გარემო სადაც არსებობს კორუფციაზე მოთხოვნილება.

2. გარემო სადაც ხდება კორუფციის გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია.

შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლა მაქსიმალურად ეფექტურია თუ მიზანმიმართულად და მეთოდურად ხდება ამ ორი გარემოს მაქსიმალურად შეზღუდვა და დანგრევა. ზუსტად ამაში მდგომარეობს კორუფციის ქრესთომათია. ჩვენც თანმიმდევრულად განვიხილოთ თითოეული ამ გარემოთაგანის ანატომია.

გარემო სადაც არსებობს კორუფციაზე მოთხოვნილება:

აღნიშნული გარემო ყალიბდება მაშინ, როდესაც შერყეულია ქვეყნის მართვის ინსტიტუციური მოდელი. აქცენტები კი გადატანილია პიროვნებებზე და ამავდროულად შემცირებულია სახელმწიფო მართვის გამჭვირვალობის ხარისხი. მაღალი ზნეობრივი ფასეულობების მატარებელი სახელმწიფო მოხელეები მხოლოდ დამატებითი ფილტრის ეფექტის მატარებლები არიან და მათი მაღალი ზნეობრიობა მხოლოდ ჯანსაღ გარემოში ყალიბდება. ზემოთხსენებულ პირობებში კორუფციაზე მოთხოვნის წარმოიშობას განაპირობებს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო პროდუქტებზე წვდომის გართულებულება. პირობა როდესაც მათი მიღება ქრთამის გზით გაცილებით მარტივია, ვიდრე კანონიერი მეთოდებით. ამავდროულად, ერთის მხრივ სახელმწიფო პროდუქტის მიწოდების უკანონო საფასური იმდენად მაღალია, რომ ის მომხიბვლელი ხდება სახელმწიფო მოხელესთვის. ხოლო, ამავდროულად, გაღებული ქრთამის ოდენობა ასევე მომხიბვლელია მისი გადამხდელისთვის, სანაცვლოდ მიღებული სარგებლის საპირწონედ. ზუსტად ამ გარემოებების დადგომის პირობებში წარმოიშობა მოთხოვნილება კორუფციაზე. ერთ-ერთი ამ პირობის მოშლის შემთხვევაშიც კი საზოგადოებაში კორუფციაზე მოთხოვნილება განუზომლად მცირდება.

ასეთი გარემოს მოსპობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი რომელიც განახორციელა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ იყო ”იუსტიციის სახლები”. რის შედეგადაც იმდენად გამარტივდა სახელმწიფო პროდუქტებზე წვდომა, რომ აღარც ბენეფიციარს უჩნდება მომსახურეობის უკანონოდ მიღების სურვილი და არც სახელმწიფო მოხელესთვის არის მომხიბვლელი იმ ქრთამის ოდენობა, რომელიც მოქალაქემ შეიძლება მას შესთავაზოს. ამავე, კონტექსტშია განსახილველი ძალოვანი სტრუქტურებისთვის ანტიკორუფციული ბრძოლის არეალის შემცირების საკითხი. თუ შევარდნაძის ეპოქაში მოქალაქეს მისთვის საჭირო ცნობის მისაღებად ევალებოდა, მაგალითისათვის ცხრა ცნობის მოტანა. რომლეთა მიღება ქრთამით უფრო მარტივი და ეფექტური იყო, რეფორმის შედეგად მოქალაქეს როგორც მინიმუმ აღნიშნული ცხრა ცნობის წარმოდგენის საჭიროება გაუქრა. ანუ, ერთი სწორი და ეფექტური რეფორმით საზოგადოებრივი ცხოვრების ამ სეგმენტში კორუფციული გარემო შემცირდა ცხრა მეათედით. შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურების ანტიკორუფციული საქმიანობის ეფექტურობა განუზომლად ამაღლდა და საჭირო აღარ არის ამ მიმართულებით უზარმაზარი რესურსების (როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯვა. გამონთავისუფლებული რესურსები კი მიიმართა სხვა გადაუდებელი საჭიროებებისთვის. ანუ, სწორი რეფორმები და კორუფციული სივრცის შემცირება უაღრესად ამცირებს სახელმწიფო ხარჯებს. იძლევა მათი ოპტიმიზაციის უდიდეს საშუალებებს. რაც საბოლოო ჯამში საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვნად შევამციროთ საგადასახადო ტვირთი ბიზნესზე, გადასახადების შემცირების გზით და უდიდეს სტიმულს აძლევს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ ასევე სოციალურ განვითარებას.

გარემო სადაც ხდება კორუფციის გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია

მემგონი საკამათო არ არის, რომ ნებისმიერი სარგებელი ფასობს იმით, თუ რამდენად მარტივად და ეფექტურად შეიძლება მისი გამოყენება. მათ შორის ფინანსური სარგებელი. შესაბამისად, ქრთამის აღებას აზრი ეკარგება, თუ მისი გამოყენება შეუძლებელია. რაც უფრო შეზღუდულია სახელმწიფო მოხელე ქრთამის უსაფრთხოდ გამოყენებაში, მით უფრო ნაკლებად მომხიბვლელია ქრთამი. შესაბამისად, კორუფციის კომფორტული არსებობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ქრთამის ან ნებისმიერი სხვა უკანონო სარგებლის მიღება. ამიტომაც წარმოიქმნება კორუფციულ გარემოში ქრთამის ლეგალიზაციის მოთხოვნილება. რაც უფრო მარტივი და იაფია ქრთამის სახით მიღებული სარგებლის ლეგალიზება, ანუ ”ჭუჭყიანი ფულის” ”გარეცხვა”, ”გათეთრება”, მით უფრო მაღალია კორუფციის დონე სახელმწიფოში. წინააღმდეგ შემთხვევაში კორუფციაზე მოთხოვნა პრაქტიკულად ქრება.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე კორუფციული პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ქრთამის აღების ფაქტით. ქრთამი არის კორუფციული პროდუქტის ნახევარფაბრიკატი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს უმთავრესი ვალია მაქსიმალურად შეზღუდოს ის გარემო სადაც იაფად და ეფექტრურად ხდება ”ბინძური ფულის გათეთრება”. ანუ, უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია. ზუსტად ამისთვისაა საჭირო საზოგადოებრივი ცხოვრების იმ სეგმენტების მაქსიმალური გამჭვირვალობის მიღწევა სადაც არსებობს კორუფციული გარემოს ჩამოყალიბების პოტენციური საფრთხეები. ამისათვის კი პირველ რიგში საჭიროა სახელმწიფო ხელისუფლების მკაფიოდ დაყოფა სხვა და სხვა შტოებად. რომლის მთავარი და უმნიშვნელოვანესი მიზანია ინსტიტუციურ დონეზე ხელისუფლების შტოების ურთიერთ კონტროლი. აქედან იწყება გამჭვირვალობა და ჯანსაღი კონტროლი, რომელიც განაპირობებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას. შემდეგი ეტაპია ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს პიროვნულ ინტერპრეტაციებს და სუბიექტურ გადაწყვეტილებებს. მხოლოდ ამის შემდეგ იქმნება ის აუცილებელი რეგულაციები, რომლებიც ყოველგვარი ფინანსური ტვირთის გარეშე მაქსიმალურად გამჭვირვალეს ხდის ბიზნესს. იმიტომ, რომ ზუსტად ბიზნესის სეგმენტში ხდება უკანონო შემოსავლების ლომის წილის ლეგალიზება. ანუ, ისეთი ბიზნეს გარემოს შექმნა, სადაც ბიზნესის გამჭვირვალობა ამ უკანასკნელისთვის საფრთხე კი არა, არამედ დაცვისა და ჯანსაღი განვითარების მთავარი პირობაა. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფოს ბიზნესთან ურთიერთობის საქმეში მთავარი პირობაა – ”არ ავნო!” ზუსტად ამ მიდგომაში მიღწეული ეფექტურობით განისაზღვრება ხელისუფლების წარმატებულობა. ზუსტად ამის თვალსაჩინო მაგალითია ევროატლანტიკური სამყარო. რომელში ინტეგრაციაც გულისხმობს კორუფციული გარემოს მაქსიმალურად მოსპობას.

ახლა კი მინდა მოვიყვანო რამოდენიმე მაგალითი რომელიც მაქსიმალურად გაამარტივებს ყოველივე ზემოთ თქმულის გაგებას:

– კორუფციის ყველაზე საზარელი და თვალსაჩინო მაგალითია ჩვენი დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის წევრების ეგრეთწოდებული კრედიტები ”ქართუ ბანკში”. ეს საკრედიტო დაწესებულება, რომ არ ეკუთვნოდეს ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, რომელიც დე-იურე რიგითი მოქალაქეა, მაშინ ეს სქემ არ იქნებოდა პოლიტიკური მოსყიდვის მაგალითი და სახეზე არ გვექნებოდა უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის ამგვარი გამარტივებული, დელეტანტური მაგალითი. ეს ფაქტი მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირები ფინანსურად დამოკიდებულები არიან კერძო პიროვნებაზე, რომელსაც უაღრესად მაღალი პოლიტიკური ინტერესები გააჩნია. მინისტრების მიერ მიღებული ფინანსური სარგებელი კი ლეგალიზირებულია საბანკო კრედიტების სახით, რომელთა დაფარვის წყაროდ შესაძლებელია სულაც არ იყოს კრედიტის მიმღებთა ხელფასები.

– მთელი საზოგადოებისთვის ცნობილია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გამომჟღავნებული სახელმწიფო სახსრების მითვისების ფაქტი. რომლის გამომჟღავნების შედეგად ბრალდებულად მხოლოდ ამ კომპანიის მთავარი ბუღალტერი – თამარ ფხოველიშვილია აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონი აღიარებს კომპანიის დირექტორისთვის მითვისებული თანხის დიდი ნაწილის გადაცემას. მაგრამ, ჩვენი თემის კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა თამარ ფხოველიშვილის აღიარებითი ჩვენება, რომელის მიხედვითაც ის ინტერნეტ კაზინოში ფულს აგებდა წინასწარ შეთანხმებულ ”იუზერთან”. ხოლო, ”წაგებული” თანხის მოცულობამ 300 ათასს გადააჭარბა. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ეს არის ქრთამის ლეგალიზების უმარტივესი მაგალითი. სავსებით შესაძლებელია, რომ ქალბატონმა ფხოველიშვილმა სულაც არ იცოდა თანხის მიმღების ვინაობა. მაგრამ, ფორმალურად ამ მეთოდით შეუძლებელია დამნაშავის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავება და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქრთამის ამღებისთვის ამ ფიქტიური მოგების გზით აბსოლუტურად ლეგალიზირებულია მიღებული უკანონო შემოსავალი. ამ გზით ”ფულის გათეთრება” მოხდა ძალიან სწრაფად და რაც მთავარია დამნაშავეებს ეს ოპერაცია დაუჯდათ მხოლოდ ინტერნეტ კაზინოს საკომისიო მომსახურეობის ფასად.

ფულის გათეთრების ოპერაციები არასდროს ხორციელდება ქრთამის გარეშე. ამიტომ, კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო, ბნელით მოცული კორუფციული საქმეაა ამ რამოდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული 200 მილიონად დამჯდარი საკონცერტო დარბაზი. ცნობისათვის მინდა გითხრათ, რომ მცირე გამონაკლისის გარეშე ევროპის საუკეთესო ფეხბურთის სტადიონების თვითღირებულება არ აღემატება 60-70 მილიონს. ამ თანხებში გასათვალისწინებელია იმ მიწის ღირებულება რომელზეც დგანან ეს სტადიონები; ის გამოყენებული საშენი მასალები, რომლებიც საქართველოსგან განსხვავებით ევროპაში უფრო მეტი ღირს; იმ ამშენებელი მუშახელის შრომის ანაზღაურება რომელიც ევროპის ქვეყნებში გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ნაჩუქარი საკონცერტო დარბაზის რეალური თვითღირებულება რამოდენიმეჯერ ნაკლებია ვიდრე 200 მილიონი. რიგითმა მოქალაქემ შეიძლება თქვას: ”ვისი რა საქმეა რა დაუჯდა ბატონი ბიძინას კომპანიას ამ დარბაზის აშენება? ეს ხომ მისი პირადი ფულიაო”. არც მასეა საქმე ბატონებო. კომპანიის ფული ხდება მეპატრონის, მხოლოდ საგადასახადო ტვირთის მოხსნისა და დივიდენდის სახით მიღების შედეგად. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ინვესტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაბერა ხარჯები, რითაც შეამცირა კომპანიის მინიმუმ მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. ხოლო, ხარჯების გაბერვით თანხები გადავიდა შემსრულებელ კომპანიებზე, რომლებიც როგორც წესი ძირითადად ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული. შესაბამისად ეს უზარმაზარი თანხები ”გაირეცხა”, განთავისუფლდა საგადასახადო ტვირთისგან და დაილექა იმ პიროვნებათა პირად ანგარიშებზე, რომელთა ინტერესებშიც იყო ამგვარი ბინძური ოპერაციების ჩატარება. შესაბამისად, საკონცერტო დარბაზის აშენების მიზანი იყო არა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული დონის ამაღლება და ქველმოქმედება, არამედ ინვესტიციების სახით მოზიდული ”ბინძური” ფულის გათეთრება და საქართველოს ეკონომიკური სივრციდან უვნებლად გადინება. მიზნის მიღწევის შემდეგ კი დარბაზი ”აჩუქეს” სახელმწიფოს და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კომერციულად წამგებიანი პროექტია და მისი შენახვის ხარჯებიც სახელმწიფოს საზრუნავი ყოფილიყო და ტვირთად არ დასწოლოდა პირვანდელ მესაკუთრეს. სამწუხაროდ ამ ყველაფერს გამოძიება და დამტკიცება ჭირდება. თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს წარმოუდგენელია. მაგრამ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არც თუ რთული ამოცანაა.

ამ მაგალითს ეპილოგად უნდა დაურთო ბოლო დროს საქართველოში სტატისტიკურად გაზრდილი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ხარისხის შეფასება. გაცილებით მწირი შესაძლებლობების პირობებში წინა ხელისუფლებამ ფაქტიურად თავიდან ააშენა და გაალამაზა მნიშვნელოვანი ქალაქები. მემგონი ყველას ახსოვს, რომ შედეგად სახეზე გვქონდა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებლები. დღეს კი ინვესტიციების ზრდას არც ეკონომიკური განვითარება მოაქვს და არც ლარის კურსზე აისახება დადებითად. სამ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა კი უკვე სანატრებელი გაგვიხდა. მოყვანილი მაგალითი, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ლეგიტიმური ვარაუდია, ნათლად მეტყველებს იმ ტენდენციებზე, რომ მაღალი ალბათობით უცხოური ინვესტიციების სახით საქართველოში ძირითადად ”ბინძური” ფული შემოდის. ფიქტიური ოპერაციებითა და ბნელი სქემებით ”ირეცხება”, ხდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ეს კაპიტალი უმალ ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს. აი ამიტომ დაპაუზდა საქართველოს ეკონომიკა და ამიტომ გადაიქცა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო კორუფციულ ცენტრად ჩვენს რეგიონში. ამ ყველაფრის შემოქმედი კი დიდი ალბათობით ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და მისი არა ფორმალური მმართველია.

ბოლოს კი კიდევ ერთხელ მინდა მივაქციო მკითხველის ყურადღება იმ მთავარ და ფუნდამენტურ მოცემულობაზე, რომელიც განასხვავებს ცივილიზებულ სახელმწიფოს არაცივილიზებულისგან. ცივილიზებულ სახელმწიფოში ძალადობაზე მონოპოლია ეკუთვნის მხოლოდ სახელმწიფოს, კანონმდებლობის ფარგლებში. მაგრამ, კორუფციული გარემო მთლიანად ანგრევს ამ მოცემულობას. შესაბამისად მსოფლიოში სახელმწიფოები განსხვავდებიან მთავარი ნიშნით: სახელმწიფოები სადაც ძალადობა არის ეფექტური და სახელმწიფოები სადაც ძალადობა არაეფექტურია. აღნიშნულის უკეთ გასააზრებლად მინდა მოვიყვანო კიდევ ორი მაგალითი, რომელიც ძალიან აქტუალურია:

შორს, რომ არ ვიაროთ უპრიანი იქნება ”რუსთავი 2”-ის ირგვლივ ატეხილი პერიპეტიების ამ კონტექსტში მოკლედ განხილვა. ქვეყანაში სადაც ძალადობა არაეფექტურია ”რუსთავი 2”-ს კონკურენტები და ავის მსურველები რთული და ხანგრძლივი ჯანსაღი კონკურენციის შედეგად გააქრობდნენ მედიაბაზრიდან. მემგონი სადაო არ არის, რომ ”ჯი-დი-ეს”-ს და ”იმედსაც” გაცილებით უფრო დიდი ფინანსური რესურსები გააჩნიათ ცალ-ცალკე, ვიდრე ”რუსთავი 2”-ს. აღარაფერს ვამბობ დღევანდელი ხელისუფლების წყაროს ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ შესაძლებლობებზე. ზუსტად ეს იქნებოდა დაპირისპირებულ მხარეთა შორის ბრძოლის ცივილიზებულად დასრულების გზა. მაგრამ, რაოდენ ტრაგიკულიც არ უნდა იყოს, დღეს საქართველო განეკუთნება იმ ქვეყნების რიგს სადაც ძალადობა ეფექტურია. ყოველშემთხვევაში ასე ფიქრობს ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი რომელიც ცდილობს ძალადობრივი მეთოდებით გაანადგუროს ეს მედია კომპანია. მოვლენები კი ისე ვითარდება, რომ სასამართლო ხელისუფლების უზურპირების პირობებში სამართალი უძლურია და მხოლოდ ”რუსთავი 2”-ს საზოგადოების ჯანსაღ ნაწილთან ერთობით შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ საქართველოში ძალადობა არაეფექტურია და საერთაშორისო ასპარეზზე დაუმკვიდრონ ჩვენს სახელმწიფოს ცივილიზებული ქვეყნის იმიჯი.

მაგალითი მეორე: ჩემმა მეგობარმა მეზობელს კონსიგნაციის წესით მიყიდა ძვირად ღირებული წარმოების საშუალება. მაგრამ, მეზობელმა არ გადაუხადა კუთვნილი საფასური და თავის მხრივ თავადაც გაყიდა აღნიშნული წარმოების საშუალება. ამონაგები კი სრულად მიითვისა. ჩემმა კანონმორჩილმა მეგობარმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მაგრამ, ხანგრძლივი გამოძიების შედეგად რამოდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარს პროკურატურიდან მოუვიდა შეტყობინება, რომ მას მოეხსნა დაზარალებულის სტატუსი. ანუ, შედეგების გასაჩივრების უფლებასაც კი ართმევენ. საქმის მასალებიდან გამომდინარე პირადად მე ცალსახად შემიძლია დავასკვნა, რომ დამნაშავე მხარემ მისთვის სასარგებლო შედეგი მიიღო ქრთამის გადახდის გზით. ანუ, მისთვის გაცილებით ეფექტურია ძალადობრივი და დანაშაულებრივი გზით მიიღოს სარგებელი. სქემა კი შემდეგნაირია: უკანონონოდ მითვისებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული სოლიდური თანხის მცირედი ნაწილი გამოიყენება ქრთამის სახით და ასეთი საქმის რენტაბელობის დონე გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ნარკოტიკებით ვაჭრობაში. ანუ, დამნაშავისთვის გაცილებით ეფექტურია კორუფციისა და ძალადობის გზით მატერიალური სარგებლის მიღება, ვიდრე ის გზა, როდესაც წარმოების საშუალების შემძენი პატიოსნად იშრომებდა და მხოლოდ კომერციული მოგების შედეგად გაისტუმრებდა მიმწოდებლის წინაშე წარმოშობილ დავალიანებას.

ყოველივე ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს პირობები, რომელშიც ძალადობა ეფექტურია და ამაშია საზოგადოების ტრაგედია. ნებისმიერი სახელმწიფო სადაც ეფექტურია ძალადობა ვერასოდეს განვითარდება და აუცილებლად ჩამოიშლება. კორუფცია კი ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა.

 

 

კომენტარის დატოვება