მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო

სოფიო კილაძის ინიციატივით ნაძალადევის ოლქის სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო

 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის სოფიო კილაძის ინიციატივით ნაძალადევის ოლქის სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო.

ღონისძიება, რომელსაც კულტურის ცენტრი არტ-ჰოლი მასპინძლობდა, ორგანიზებული იყო სოფო კილაძის  ბიუროს მიერ,  ა(ა)იპ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.

გამოფენაზე, სახელწოდებით „ბავშვები ბავშვებისთვის“, წარმოდგენილი იყო ნაძალადევის რვა საჯარო სკოლის სამოცამდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ნამუშევრები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ექსპონატები, პირადად გაცნობოდნენ მათ ავტორებს. სპეციალურად მოწყობილ საბავშვო სივრცეში კი გამოფენაზე მოსულ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად შეექმნათ ნახატები.

„დღეს ეს ბავშვები თავად არიან ქველმოქმედები, თავად ზრუნავენ თანატოლების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ისახავდა მიზნად ჩვენი პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“. ერთი მხრივ სოლიდარობის განცდა გავაღვივოთ მომავალ თაობაში, და მეორე მხრივ გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ პირს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საღამოს მოწყობაში და ყოველ სტუმარს, რომელთა ჩართულობის გარეშეც ეს ლამაზი დღე სრულყოფილი ვერ იქნებოდა“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

ღონისძებიდან შემოსული თანხა პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გადაეცემა ნაძალადევის N 17-ე მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს.