პაოლო ალი: რუსული ანექსია მიუღებელია!

„დღეს ვასრულებთ საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიულ სესიას. საქართველომ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა – რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის“ – ამის შსახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს, ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაოლო ალიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციასა და მის ხელმძღვანელს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 15 წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციაზე და აღნიშნა, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი დონის პროფესიონალიზმისა და ნატოში ინტეგრაციისთვის მზაობის დემონსტრირება მოახდინეს.

პაოლო ალის განცხადებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეა სისტემატიურად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას. მისი თქმით, რუსული ანექსია მიუღებელია.

ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ერის მისწრაფება ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციიისთვის და მისი დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის სულისკვეთება – ყველასთვის შთამაგონებელია.