„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვისგაიმართა

ფორუმი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას ისახავდა მიზნად.

ფორუმის მონაწილეებს სასტუმრო „ბილტმორში“ მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმედოვნებს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად რთული პროცედურის გავლა აღარ მოუწევთ. პრემიერმა ინიციატივისთვის მადლობა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სალომე ზურაბიშვილს გადაუხადა. პრემიერ ინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სპეციალური ჯილდოებით წახალისდებიან დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. „უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდა და გაძლიერება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რასაც საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით აუცილებლად შევუწყობთ ხელს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები სამშობლოში იხილა. „გასული წლებისგან განსხვავებით, მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოშიც” – მიმართა ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას უწმინდესმა და უნეტარესმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ფორუმის მონაწილეებს, სამინისტროს მიერ შემუშავებული, დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია – „ერთიანი ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“გააცნო.

მისი განცხადებით, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავება სახელმწიფოსგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დიპლომატიური რესურსი კი პრობლემების ეფექტიანად და დროულად გადაჭრის საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ განხორციელდა რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორასთან ურთიერთობის პასუხისმგებლობა აიღო.

ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ფორუმის მონაწილეებს გააცნო ქართული ენის ონლაინ შესწავლის პროექტის მიმდინარეობა. ისაუბრა ქართული საკვირაო სკოლების პრობლემატიკასა და საქართველოში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ახალგაზრდების მიერ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის პროექტებზე. მან ასევე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დიასპორული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების საკითხებზე ისაუბრა.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ ფორუმის მონაწილეებს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე 26 მაისი და ქართული დიასპორის დღე 27 მაისი, რომლებსაც ქართველი ერი სიმბოლურად თანმიმდევრულად აღნიშნავს. „თქვენ გერგოთ მძიმე, თუმცა საპატიო ხვედრი – იმოღვაწეოთ, იშრომოთ უცხოეთში, დედასამშობლოსგან განშორებით, მაგრამ მუდამ სამშობლოზე ზრუნვაში და საქართველოს საკეთილდღეოდ. მიუხედავად არსებული სირთულეებისა და რიგ შემთხვევაში თქვენი ობიექტური გულისწყრომისა, დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, დანიშნულება და მისია არის დიასპორაზე ზრუნვა, მისი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ერთიან ქართულ სივრცეში ინტეგრაცია” – მიმართა მან უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.