პუტინი რას გადაწყვეტს არავინ იცის, მაგრამ თამაშის წესი ზუსტად იგივეა, რაც 2008 წელს იყო – ზურაბ ჭიაბერაშვილი

პუტინი რას გადაწყვეტს არავინ იცის, მაგრამ თამაშის წესი ზუსტად იგივეა, რაც 2008 წელს იყო – ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ,,მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შტატები და დასავლეთი საინფორმაციო შეტევაზე არიან და ამ ტიპის ხმამაღალი საუბარი როგორიც დღეს შტატების მხრიდან, აქამდე არ ყოფილა.

„საბოლოო ჯამში რა იქნება პუტინის გადაწყვეტილება ეს არავის იცის, მაგრამ თამაშის წესი რომ ზუსტად იგივეა, რაც 2008 წელს, ეს ცხადზე უცხადესია. იგივეა რაც 2014 წელს, როდესაც დონბასსა და ლუგანსკში ადგილზე მდგომარეობის გამწვავებით, სეპარატისტების წახალისებით ე.წ. პროვოკაციები ხდება, რომელზედაც შემდეგ რეაქციას ახდენს რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული ძალები.

ოღონდ განსხვავება 2008 და 2014 წლებთან არის ის, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი საინფორმაციო შეტევაზე არიან. როგორც წესი ასეთი ინფორმაცია თვალნათელია ხოლმე, სადაზვერვო და სატელიტური დაკვირვებით… ხელი მიუწვდება ნატოს წევრ ქვეყნებს თუ როგორი არის სამხედრო მდგომარეობა ადგილზე.

ამაზე იმ ტიპის ხმამაღალი საუბარი, რასაც დღეს ვხედავთ, არასოდეს ყოფილა. დღეს პირიქით დასავლეთი არის შეტევაზე და პირიქით, პუტინი, ლავროვი ამბობენ, რომ „არა, ჩვენ ომს არ ვაპირებთ“. ანუ საინფორმაციო კამპანია დიამეტრულად შეცვლილია და ამ საინფორმაციო კამპანიას ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს იგივე შეერთებული შტატებისა და დასავლეთისთვის“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.