იაგო ხვიჩია – ბადრი ჯაფარიძე დროს თუ არ დახარჯავს „მარშალის გეგმაზე“, სხვა უცნაურ რაღაცებზე, არ აჰყვება „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ გამარჯვების შანსი აქვს

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე თუ დროს არ დახარჯავს „მარშალის გეგმაზე“, სხვა უცნაურ რაღაცებზე, არ აჰყვება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას რუსთავსა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში გამარჯვების შანსი აქვს.

როგორც საქართველოს პირველ არხს იაგო ხვიჩიამ განუცხადა, ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსები ექნება, თუ ადამიანებისთვის იმის გაგებას მოახერხებს, პარლამენტში რამდენად უსამართლოდ მოექცნენ და პარლამენტში მისი დაბრუნება რატომ არის სამართლიანი.

„დრო არ უნდა დახარჯოს „მარშალის გეგმაზე“ და სხვა უცნაურ რაღაცებზე, ან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აყოლაზე. ხალხის დაინტერესება რითაც შეიძლება, ეს არის უსამართლობის ჩვენება. თუ ეს გამოუვა, მგონი, დეპუტატობის შანსი აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერების გარეშე შუალედური არჩევნების მოგება გაუჭირდება, მაგრამ იმისთვის, რომ სხვა მხარდამჭერებიც მოიპოვოს, ხაზი მის ერთობას კი არ უნდა გაუსვას, არამედ იმ უსამართლობას, რაც პარლამენტიდან მის გაშვებას უკავშირდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.