საკითხავია, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ფრთა უჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, რადგან ამ პარტიაში განსხვავებული პოზიციების მქონე ორი ფრთაა – გურამ მაჭარაშვილი

რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში ბადრი ჯაფარიძის პერსპექტივა მაშინ შემცირდა, როცა მის მიმართ მხარდაჭერა “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, “ოპოზიციის დიდი ნაწილი ჭკუას ვერ სწავლობს იმით, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებით ბევრი წააგეს“.

“საკითხავია, “ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ფრთა უჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, რადგან ვიცით, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ განსხვავებული პოზიციების მქონე ორი ფრთა არსებოს. გარდა ამისა, შეიძლება პარტიები რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ელექტორატი არ შეთანხმდეს – “ლელოს“ მხარდამჭერები ბუნებრივად არ არიან “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და პირიქით. ფორმულა, რომ რამდენიმე პარტია ერთ კანდიდატზე შეთანხმდეს, არჩევნების შედეგებზე პირდაპირ არ აისახება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.