“საქმე ეხება ქვეყნის პრესტიჟსა და სამართალდამცველების რეპუტაციას…”

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა.

ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. მას საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად,  ეფექტიანად უნდა დადგინდეს, რა მოხდა, რადგან საქმე  ეხება ქვეყნის პრესტიჟსა და სამართალდამცველების რეპუტაციას.

-„გამოძიება იქნება სირთულეებით აღსავსე, მაგრამ წინ უნდა წავიდეს და მაქსიმალურად სწრაფად,  ეფექტიანად დადგინდეს, რა მოხდა. საქმე  ეხება ქვეყნის პრესტიჟსა და სამართალდამცველების რეპუტაციას, როგორ სწრაფად გამოიძიებენ ამ კომპლექსურ და რთულ საქმეს.

საგამოძიებო პროცესი ყოველგვარი დახანების გარეშე დაიწყო. ის, რომ ეს ადამიანი არის უკვე სხვა ქვეყანაში, გაართულებს გამოძიებას.  ის ძვირფასი ინფორმაცია, რაც გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს, მხოლოდ აფგანმა იცის, რომელიც ბაქოშია. ანუ  – ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებმაც, როგორც მისი ადვოკატი გვატყობინებს, ჩასვეს მანქანაში და სცემეს კიდეც, გააქანეს საზღვირსკენ. ვინ იყვნენ, თუ იცნობდა მათ, რა აკავშირებდა მათთან, რა ენაზე საუბრობდნენ“ – განაცხადა მინისტრმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მუხთარლის ადვოკატს, ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს არ სჯერა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოში მოტაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა ქართული სპეცსამსახურების დახმარების თუ მათი უმოქმედობის გარეშე მოხდა. თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერი აქციები იმართება.