ილჰამ ალიევი სომხეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ ალიევმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილჰამ ალიევმა თავისი სიტყვით გამოსვლა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრით დაიწყო. მან სომხეთი აზერბაიჯანელების გენოციდში,  საერთაშორისო საზოგადოება კი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს პოლიტიკა უნდა შეწყდეს.

ილჰამ ალიევმა 2016 წლის აპრილში მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია გაიხსენა და განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში სომხეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციის შემთხვევაში, ბაქოს პასუხი გაცილებით მტკივნეული იქნება.

„აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას, თუმცა მზად არის, დაიცვას თავისი მოქალაქეები. აგრესორი იქნება დასჯილი“, – განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევმა ასევე აზერბაჯანის ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებები აზერბაიჯანის მთავრობის პრიორიტეტია.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მრავალი ქვეყნის ენერგოსუსაფრთხოებას უზრუნველყოფს.