თურქეთში, პარხლის მონასტრის კედლის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში მონაწილეობა ქართველმა ექსპერტებმა მიიღეს

ქართველმა ექსპერტებმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარხლის ტაძრის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ქართველი საექსპერტო ჯგუფი თურქეთში, ართვინის რეგიონში, მეთოდოლოგიის გაცნობისა და ზედამხედველობის, ასევე სამუშაოებში უშუალო მონაწილეობის მიზნით 15 სექტემბერიდან 20 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ნანა კუპრაშვილი, ალექსანდრე რუბაშვილი და გიორგი ნავროზაშვილი.

პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში, თურქ კოლეგებთან ერთად ქართველი ექსპერტების ჩართვის შესახებ შეთანხმება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ მოინახულა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – პარხლის, ხახულის, ოშკის, იშხნის, ოთხთას მონასტრები, ასევე კაპადოკიის მხარე. ქართველმა ექსპერტებმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობა შეაფასეს, განსაზღვრეს ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოები და მოამზადეს შესაბამისი რეკომენდაციები. მიხეილ გიორგაძემ შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები – მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ქართველ და თურქ ექსპერტებს შორისაც შედგა. შეხვედრის დროს, ქართულმა მხარემ კოლეგებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ მომზადებული რეკომენდაციები გაუზიარა.

სამონასტრო კომპლექსი პარხალი თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხლში მდებარეობს. ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.