წმინდა პანტელეიმონ მკურნალი ყოფილიყოს თქვენი მფარველი!

გილოცავთ წმიდა დიდმოწამე, პანტელეიმონის ხსენების დღეს.

   წმ. მოწამე არა მხოლოდ სიცოცხლეში აღასრულებდა სასწაულებს, არამედ სიკვდილის შემდგომაც კურნავს ავადმყოფებს და მეოხია ყველასი, ვინც სარწმუნოებით მოუხმობს მის სახელს.

თბილისში ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში პატარა ეკლესიაა, სადაც წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ხატს მირონი სდის, რომლის ცხებითაც სასწაულებრივად განიკურნა უამრავი ადამიანი. ასევე შეიძლება მირონის დალევაც, რომელსაც არაამქვეყნიური გემო აქვს და მისი ძალით უამრავი ადამიანი გამოჯანმრთელებულა.

წმიდა პანტელეიმონი ქალაქ ნიკომიდიაში ცნობილ და მდიდარ ოჯახში დაიბადა. მამამისი – ევსტორგი წარმართი იყო, დედა, წმიდა ევბულე კი – ქრისტიანი.

მომავალ მკურნალს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, ასე რომ, ბავშვი უნებურად მამის სარწმუნოებრივ ცდომილებას იზიარებდა და თაყვანს სცემდა კერპებს.

მამამ პანტელეიმონი განათლების მისაღებად ჯერ გრამატიკის სკოლაში მიიყვანა, შემდეგ კი ცნობილ ექიმს – ევფროსინს მიაბარა საექიმო ხელოვნების შესასწავლად. ყმაწვილი საოცრად ნიჭიერი აღმოჩნდა. სულ მალე იგი არა მხოლოდ თავის თანატოლებს აღემატა ცოდნით, არამედ თვით საკუთარ მასწავლებლებსაც გაუტოლდა. ამას გარდა, პანტელეიმონი არაჩვეულებრივი მჭერმეტყველებითა და ფიზიკური სილამაზითაც გამოირჩეოდა. მისით თვით მეფე, ქრისტიანთა მრისხანე მდევნელი დაინტერესდა და ჭაბუკი სამეფო კარზე აღაზევა.

ქრისტესადმი რწმენა ჭაბუკს სრულიად განუმტკიცდა ერთ-ერთი სასწაულის შემდეგ. ერთ დღეს შინ მიმავალი პანტელეონი წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც გველს დაეკბინა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეშინდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, მოეხმო იმ ღმერთისთვის, რომელსაც ადგილობრივი პრესვიტერი ერმოლეოსი უქადაგებდა. თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: უფალო იესო ქრისტე, მე არა ვარ ღირსი შენი მოხმობისა, მაგრამ თუკი გსურს შენი მონა გავხდე, მაჩვენე შენი ძალა და მოხდეს ისე, რომ შენი სახელით ეს ბავშვი გაცოცხლდეს, გველი კი მოკვდეს”. ამ სიტყვებზე ყრმა თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი განსკდა და მოკვდა. მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისაჲ:” მადლობა შესწირა ღმერთს, მყისვე გაეშურა ერმოლაოზისკენ, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა, მოენათლა. წმიდა ხუცესმაც ნათელსცა ნეტარს.

ამის შემდეგ პანტელეონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მშობელს. მას შემდეგ კი, რაც მან მაცხოვრის სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას, რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს, ევსტორგიოსმა საკუთარი ხელით შემუსრა ცრუღმერთების ქანდაკებები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა.

 

კომენტარის დატოვება