სამგორის რაიონს მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს

F-news  

ჯუმბერ გოგრიჭიანი (ჯუბა ღებელი) 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორში

-“დიახ, ბატონებო, ჩემო მეგობრებო, ხვალ ვარკეთილში, დღის 12 საათზე, სუხიშვილის ქუჩის ბოლო გაჩერებაზე, სკვერში (3 ნმომერი მარშუტკა მეტრო ვარკეთილიდან) იქნება მაჟორიტარ დეპაუტატობის კანდიდატად ჩემი წარდგინება სამგორის რაიონიდან…
ბევრი ვიფიქრე, რისი მომტანი იყო ეს ჩემთვის –
სიყვარულის? – რაც მე თქვენგან სიყვარული მაქვს მეტი რა უნდა მინდოდეს?..
ფულის?.. – ყოველთვის მაქვს იმდენი ჭირში და ლხინში ასე თუ ისე რომ მყოფნის, უფრო მეტი კი მეტ სადარდელს გამიჩენს;
პატივ-დიდების?.. – იცით რომ არასდეს ვყოფილვარ მოყვარული ქება-დიდების, გლახაკთა სიმდიდრე და სიმდაბლე სიმაღლისა იყო და არის მუდამ ჩემი მორალის და ქცევის საზომი…
არც იმის ამბიცია მაქვს, ჩემით – ერთი კაცით ქვეყანა გადავარჩინო, მაგრამ… მე (და იცით რომ ალალად ვამბობ) ილიას გზაზე მავალი კაცი ვარ და მართლა მაჩნია “ერის წყლული წყლულად”, ერთი რიგითი ლელთ-ღუნია ვარ, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი ხალხი…
მწერალი დღეს აღარსად უნდათ, პოეტების ქვეყანაში პოეტს ტრიბუნასთან არ უშვებენ… მარტივი მიზეზია – მწერალი თავისი ერის, მისი ზნეობრივი კატეგორიების, მორალური კოდექსის, ადათ-წესების, ენისა და სარწმუნოების მღაღადებელია, ეს კი თანამედროვეობის,გლობალიზაციის გამოწვევების ინტერესებში არ შედის…
არადა იყო ფარნავაზი და იქმნა ქართული ენა, იყო ვახტანგ გორგასალი და იყო იაკობ ხუცესი, იყო თამარი და იყო რუსთაველი…დავითი თავად იყო მეფე პოეტი… შემდეგი საუკუნეები წარმოუდგენელია მეფე-პოეტთა – დემეტრეს,არჩილის, ვახტანგ მეექვსისა და ორივე თეიმურაზის გარეშე…
უმეფოდ და უგვირგვინოდ დარჩენილი მე-19 საუკუნის საქართველო, ქართული ენა და თვითმყობადობა ილიამ, ტატომ, აკაკიმ, ვაჟამ, და კულტურის სხვა მოღვაწეებმა გადააარჩინეს… წარმოუდგენელია მე-20 საუკუნე ჯავახიშვილის, ტიციანის, პაოლოს, გალაკტიონის და მრავალ სხვათა გარეშე…
არც ერთი მმართველობის დროს არ ყოფილა ქვეყანა მწერლის გარეშე…ბოლო დროშიც კი, სააკაშვილის მართველობისას, ვემხრობოდი თუ არა მის რეჟიმს და მის დამქაშებს, მომწონდა რომ იქ სულგანათებული ნოდარ გრიგალაშვილი იყო, ნუგზარ წერეთლის და მამუკა წიკლაურის შვილები იყვნენ და მეიმედებოდნენ ქართულის საკეთილდღეოდ…
მიხარია ახლაც, როცა ვხედავ რომ ამ საარჩევნო მარათონში მწერლები იღებენ მონაწილეობას, თუნდაც სხვადასხვა პარტიებიდან… ჩვენ არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები… პარტიებს არაა აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვთ პიროვნებებს და პიროვნულ ღირებულებებს, რაც მოგვაკლდა და მოვაკელით ჩვენს თავს… ახლა იმის მიხედვით კი არ ვირჩვეთ – ვინა დგას ჩვენს წინ, არამედ ვისი პარტიიდანაა და ვღებულობთ გაუცხოებულ, არაფრისმქმნელ პარლამენტს…
მოკლედ გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს ვიყრი იმ რეგიონში, სადაც გავიზარდე, ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ჩემი მამა-ბიძანი, ნათესავები, სამეგობრო და სახლობლო წრე… მათი არჩევანი ჩემთვის მარტო პასუხისმგებლობა არაა, ეს ჩემი ვალდებულებაა, მე იმ ქუჩებში უნდა ვიარო, იმ ხალხს უნდა ვუყურო თვალებში მთელი ცხოვრება და თუ მათ იმედებს გავუცრუებ, თუ ეს დღემდე ასე თუ ისე ადამიანურად მოტანილი ჩემს ავტორიტეტს წაახდენს, ხალხს წყევლას და გინებას დააწყებინეს, ღმერთმა ნურც ინებოს ამ გზაზე ჩემი დადგომა…
ჩვენ ხშირად დავდივართ ერთმანეთის პრეზენტაციებზე, წიგნების წარდგინებებზე, ხვალ ჩემი (პიროვნების) წარდგინებაა ხალხის წინაშე, ასე რომ გელით მეგობრებო, მეგობარო მწერლებო, პოეტებო, ლიტერატორებო, კარგო მკითხველებო და მსმენელებო, მოდით რომ როგორც დიდი მგოსანი იტყოდა – “ქვეყანამ დაგვინახოსა” – ვინ ვართ!..”

P.S. ჯუმბერ გოგრიჭიანი ლეიბორისტული პარტიიდან წარსდგება არჩევნებზე.

კომენტარის დატოვება