არცერთი მხარე არაა ჯანსაღი: არც მამამზე-პეტრე, არც კოლონკელიძის ასული და ვაი, რომ აღარც მოხუცი მელქისედეკისა მესმის არაფერი…

ბლოგი

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)

-1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირის მონოლითური, ჩაკეტილი და ტოტალიტარული სისტემის დემონტაჟი მოხდა, მანამდე ყველა ხვდებოდა და ყველა გრძნობდა, რომ ძირგამომპალი რეჟიმი დიდხანს ვერ გასტანდა. ცხადია ამას კარგად აცნობიერებდნენ კრემლშიც და აგონიურ პერიოდში გამალებით უკვეთავდნენ პროპაგანდისტულ სიუჟეტებსა და სტატიებს ლოიალურ ტელევიზიასა და დამონებულ პრესას. ამასთან, უზნეო და სულგაყიდული იმბეცილები, ქალამანები, ფოსტალები და ერთუჯრედიანი ამებები მაშინაც ომახიანად ბოდავდნენ “იმპერიის ძლევამოსილ და სრულყოფილ” მოცემულობაზე და კარიერისტული თვალთმაქცობით ნამუსს უნახავდნენ ნაკელში ჭიაყელებივით ჩამალულ თანამდებობის პირებს.

ამჟამინდელ ვითარებას, რომ ვუყურებ, საპატრიარქოს ადმინისტრაციაც ზუსტად ისეთივე გროტესკულობით იქცევა, როგორც დუმის იმდროინდელი დეპუტაცია და პოლიტბიუროს ჩინოვნიკები მოქმედებდნენ.

ტელეკომპანია ერთსულოვნებაზე დაარბენინებენ სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედ-კოლექტივის წარმომადგენლებს და იმ “პროფესორებს”, რომელთაც ნაშრომის გარეშე მიიღეს დოქტორის წოდება. დაახლოებით ისე კომიკურად, როგორც ამას ბრეჟნევის “მოამაგე” მაიორები იღებდნენ ხოლმე, კოსტუმზე, რომ ტევა აღარ ჰქონდათ მედლებისათვის.

დიახ, გამოდიან და ყვებიან 1001 ღამეს მეფე შაჰრიარზე და მის ცოლზე შაჰრაზადაზე. ეპისკოპოსების უმრავლესობა კომპარტიის ეგოისტი მაღალჩინოსნებივით იქცევიან, რომელთაც ჯიუტად არ სურთ იმის გაგონება, რასაც მათ რეიგანი ეუბნება საფლავიდან, რომ თქვენი წრე – “ბოროტების იმპერიაა” და გამოფხიზლდითო! (ალბათ მიმიხვდით პარალელს).

პროტოპრესვიტერის პიროვნების მედლის ორივე მხარე ძალიან საინტერესოა. პირველ მხარეს ის ჩვეულებრივი ჟირინოვსკია (ვიწრო სივრცეში, მრევლთან სტუდენტებთან და ლექტორებთან), ხოლო მეორე მხარეს კი “სიზმარა”-ში, რომ ძილის მინისტრია – “მოვფრინავ ბატონო, მოვფრინავ, ამ წუთში თქვენთან გავჩნდები” ტიპი. თუკი საბჭოთა კავშირის დაშლა მიმდინარეობდა ეკონომიურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ფონზე, ამათი ჩამოშლა მიმდინარეობს მორალურ, ინტელექტუალურ და სოციალურ დონეზე.

დოსტოევსკი, რომ ცოცხალი იყოს “იდიოტს” ხელახლა დაწერდა. ცხადია, თავადი მიშკინის როლში ქარჩავას წარმოგვიდგენდა, ნასტასია ფილიპოვნას როლში – შორენა თეთრუაშვილს. ხოლო როგოჟინად კი დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

მოკლედ, რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?! არცერთი მხარე არაა ჯანსაღი: არც მამამზე-პეტრე, არც კოლონკელიძის ასული და ვაი, რომ აღარც მოხუცი მელქისედეკისა მესმის არაფერი…