ომბუდსმენის თქმით, კონსტიტუციის პროექტში არის საკითხები, რომელიც მისთვის მიუღებელია…

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მონაწილეობდნენ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ცვლილებების პროექტში არის საკითხები, რომელიც მისი რეკომენდაციების მიუხედავად, არ არის გათვალისწინებული. ომბუდსმენის თქმით, კონსტიტუციის პროექტში არის საკითხები, რომელიც მისთვის მიუღებელია და შესაძლოა დაიგეგმოს ისეთი ღონისძიებები, რომ საბოლოო პროექტში შესწორებები შევიდეს.

“შრომითი უფლებები, სასამართლო რეფორმა, ომბუდსმენის ინსტიტუტი – ეს არის საკითხები, რომელზეც შესაძლებელია ერთობლივი მუშაობა, რომ პროექტი ამ მიმართულებით დაიხვეწოს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრები, მიზანად ისახავს გამოიკვეოს ის საკითხები, რომელიც არ მოსწონს არავის, მმართველი გუნდის გარდა. “ჩვენ ვიღებთ დოკუმენტს, რომელიც თითოეულ ადამიანს შეეხება და მას მხოლოდ ერთი პარტია ეთანხმება. ასეთ პირობებში ასეთი ტიპის დოკუმენტს ძნელია უწოდო კონსტიტუცია. ის ძალიან შორს იქნება ლეგიტიმაციისგან. მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს საკითხები,სადაც შეიძლება კონსესუსი შედგეს,”- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. მისივე თქმით, ნულოვანი კონსესუსით ასეთი დოკუმენტის მიღება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს დემოკრატიულ პროცესებს.