“ადრე თუ გვიან, საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა შეუძლებელი გახდება”!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

-ალბათ, ყველაფერი აქეთკენ წავა, რაც ბუნებრივია… მთავარია, რომ განსხვავებულობის მიუხედავად მეზობლებმა ერთმანეთის მიმართ კეთილი ურთიერთობები შეინარჩუნონ, განსაკუთრებით იმ პრობლემებთან მიმართებით, რაც მათ აერთიანებთ!

დიახ, აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებულმა ისტორიამ დაგვანახა, რომ ადრე თუ გვიან, “ღირებულებების და ფასეულობების” ფუნდამენტალური სხვადასხვაობის საფუძველზე, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით მოხდება პოზიციათა დაშორიშორება, რაც შეუძლებელს გახდის ამ ორი სახელმწიფოს სტრატეგიულ პარტნიორობას! სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრეზიდენტ ალიევის და მისი მეუღლის (!) ვიცე-პრეზიდენტ ალიევას აზერბაიჯანი, აზიური, აღმოსავლური ავტორიტარიზმის კლასიკურ გზას სულ უფრო გამოკვეთილი და შეუნიღბავი მეთოდებით განაგრძობს, ხოლო საქართველო, ევროპული გზით განვითარების ერთგული დარჩება (იმედია!), რაც დღეს შეუქცევად ხასიათს ატარებს!

სხვათაშორის, ეს ახალი ამბავი არ არის და სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც, აზერბაიჯანელები ხშირად საყვედურობდნენ ნაცებს, რომლებიც ევროპულ ორგანიზაციებში “მალულად” აწვდიდნენ ინფორმაციას აზერბაიჯანში არსებულ ამათუიმ “დემოკრატიულ დარღვევებზე”, თან, პირადი გამორჩენის მიზნით, პარალელურად, – სააკაშვილის თამადობით ალიევს და მის გარემოცვას ელაქუცებოდნენ და ეპადხალიმებოდნენ, რის შედეგადაც მივიღეთ აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანიის “სოკარის” უდიდესი გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, თავისი “შუქ-ჩრდილებით”!..