“ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემას გვთავაზობს, სრულიად მუხანათური პირობებით!

ირმა ინაშვილი

-“ქართული ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემას გვთავაზობს, სრულიად მუხანათური პირობებით! ბარიერი-5%-, საარჩევნო ბლოკები-არა, ბონუსი, ანუ დარჩენილი მანდატები – მხოლოდ ერთ პარტიას, რომელიც პირველ ადგილზე გავა! და ამასთან, ამკვიდრებს აზრს, თითქოსდა პროპორციულ სისტემას გუნდის შიგნით ოპონენტები ჰყავს, მაჟორიტარების სახით. ეს პოლიტიკური თამაში, სამწუხაროდ, მაგონებს 90-იანი წლების თამაშებს, როცა მმართველი გუნდის წევრები ერთს ამბობდნენ, მეორეს ფიქრობდნენ, მესამეს აკეთებდნენ და შედეგად მეოთხეს ვიღებდით.

დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ქართულ პოლიტიკაში დასრულდება მსგავსი ფარსი და უაზრო პოლიტიკური თამაშები, რაც ვიღაცას, შესაძლოა, პოლიტიკაც ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში სამარცხვინო კომედიაა. შერეული სისტემა დღეს ხელისუფლებას ერთგვარ კოზირად აქვს დატოვებული, რომელსაც კრიზისის შემთხვევაში მიმართავს, იტყვის რა:” აი, ვერ შევთანხმდით ე.წ. ბონუსზე? ძალაში ვტოვებთ შერეულ სისტემას”.

“ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, პრინციპულია. თუ ვინმე იმაზე წუხს, რომ შესაძლოა მომავალში კოალიციური მთავრობის შექმნა ნაცების რომელიმე ფრთასთან მოუხდეთ და ამიტომაა საჭირო ე.წ. სტაბილური უმრავლესობის გარანტია, ეს სრული აბსურდი და სისულელეა. ნაციონალური მოძრაობის არც ერთი ფრთა რეალურად ქვეყანაში არანაირ ძალას აღარ წარმოადგენს. ის საპნის ბუშტია და დგას მხოლოდ ძველ ინერციაზე, რუსთავი-2-ზე, ფულზე და კიდევ “ქართულ ოცნებაზე”, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისი განიარაღება- სამართლიანობის აღდგენის გზით! მაგრამ ამას არ აკეთებს, ამიტომ სასაცილო არგუმენტების მოხმობას თავი უნდა დაანებოთ და ნაციონალური მოძრაობის “საფრთხის” ეგიდით, ხელისუფლების მითვისების გეგმა თავიდან უნდა ამოიგდოთ. ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის იქნება სასარგებლო.