ბესელია ბუდაპეშტში ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ რეფორმას გააცნობს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში გაემგზავრება,  სადაც 12-13 ივნისს,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით,  გაიმართება მეორე რეგიონული სემინარი: „ეროვნული პარლამენტების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში“.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობის  ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უხელმძღვანელებს სესიას თემაზე: „კანონპროექტების თავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება“.

ეკა ბესელია ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ რეფორმას გააცნობს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და აღსრულების ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს შეეხება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დეტალურად ისაუბრებს 2016 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის ძირითად კანონში –  რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებზე და მათ ამოქმედებაზე.  

სემინარის მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესში ეროვნული პარლამენტების როლთან დაკავშირებით. გამოსვლების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის წევრები, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნებიდან და დამოუკიდებელი ექსპერტები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც  კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას უხელმძღვანელებს, შედიან: ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი კახიანი, გედევან ფოფოხაძე და გიორგი ხატიძე.