გაუნათლებლობა და უმეცრება, „ურა პატრიოტიზმი“ და კოლაბორაციონიზმი აღარიბებს!

დავით ნებიერიძე

ეკონომიკის ექსპერტი

სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილება

სიბნელისა და უმეცრების გამოვლინების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ირაციონალური და არაპრაგმატული გადაწყვეტილებები. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების არამოქალაქეებზე მიყიდვის აკრძალვას ძალიან ბევრი მიზეზები აქვს, რომლებიც შეგვიძლია ორ დიდი ჯგუფად დავყოთ:

  1. გაუნათლებლობითა და არა კომპეტენტურობა.
  2. ანტისახელმწიფოებრივი და კოლაბორაციონისტული ინტერესები.

გაუნათლებლობის, უმეცრებისა და სიბნელის ნათელი მაგალითი იყო ერთი ბატონის ამასწინანდელი განცხადება, რომელიც მან ერთ-ერთ თოქ-შოუში გააკეთა:

ოპონენტმა დაუსვა შეკითხვა, თუ რა საფრთხეებს ხედავთ მიწის უცხოელებზე გასხვისებაშიო? იცით რა უპასუხა ამ კაცმა?

  • საქართველოში მწვავედ დგას ადგილობრივი წარმოების პრობლემა და ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზეო. სწორედ ამიტომ, არ უნდა გავყიდოთ მიწები, რომ ქვეყანამ თავად დააკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილება სოფლის მეურნეობის პროდუქტებშიო.

ეს ადამიანი იმდენად უვიცია, რომ იმასაც ვერ ხვდება, თუ რას ნიშნავს იმპორტ-ექსპორტი და ადგილობრივი წარმოება. ვერ ხვდება, რომ უცხოელის მიერ საქართველოში მოყვანილი პროდუქტი ადგილობრივ ნაწარმად ითვლება და არ განიხილება როგორც იმპორტი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მას გონია, რომ თუ უცხოელი საქართველოში მოიყვანს კარტოფილს, ეს კარტოფილი იმპორტირებულად ჩაითვლება და არ იქნება ადგილობრივი წარმოების პროდუქტი.

ხელისუფლება აქტიურად ახდენს მარგინალური, ბნელი და ირაციონალური, კოლაბორაციონისტი პოლიტიკური ძალების კულტივირებას. რომლებსაც საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად იყენებს. თბილისში ჩატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს სწორედ ხელისუფლებამ შეუსია ეს „ბნელი“ ძალები ფილარმონიას და შექმნა სახალხო მოთხოვნის იმიტაცია. შემდეგ კი ამაყად განაცხადა, რომ ითვალისწინებს საკუთარი მოქალაქეების მოთხოვნებს და მიღებული გადაწყვეტილებით „ცელი გამოუსვა“ როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობას, ასევე მიწის ბაზარს ჩვენს ქვეყანაში და ზედ მიაყოლა სამშენებლო ბაზრის, უძრავი ქონების ის დიდი სეგმენტი, რასაც ქვია კერძო სახლებისა და აგარაკების ბაზარი. ფინანსურად ძლიერი უცხოელები ხომ უხვად ყიდულობდნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე სტატუსის მქონე მიწებს, ამგვარი მიზნებისთვისაც.

თუ თქვენ, საქართველოს მოქალაქემ გუშინ შეიძინეთ მიწა და მითუმეტეს კრედიტით, იცოდეთ, რომ თქვენ ძალიან დიდი ზარალი მიიღეთ. მერწმუნეთ, იპოთეკური სესხის დაფარვას გირჩევნიათ ეს შენაძენი ბანკს დაუტოვოთ და ხვალ ფაქტიურად ნახევარ ფასში იყიდოთ იდენტური მიწის ნაკვეთი. იმიტომ, რომ მიწის ბაზარზე ფასები ფაქტიურად განახევრდება.

თუ თქვენ აპირებდით კრედიტის აღებას საინვესტიციო მიზნებისთვის და იპოთეკაში დებდით თქვენს კუთვნილ მიწას, ან კერძო სახლს, რომელიც ამგვარ მიწაზე დგას, ხვალ თქვენ იმის ნახევარ თანხასაც აღარ მოგცემენ ვიდრე შეგეძლოთ აგეღოთ გუშინ.

მიწის მფლობელებო, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ თქვენ ფაქტიურად გაგაკოტრათ, გაგაღარიბათ. თუ არ გჯერათ, დაელოდეთ ხვალინდელ დღეს! გაუნათლებლობა, სიბნელე და უმეცრება, „ურა პატრიოტიზმი“ და კოლაბორაციონიზმი აღარიბებს!