„დღევანდელი სასამართლო კვლავ რჩება ძლიერი კლანური გავლენის ქვეშ ხელისუფლების საყრდენად“

 

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“ ქვეყანაში არსებულ სასამართლო სისტემას საგანგაშოს უწოდებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან მოხდა სასამართლო სისტემის კორუფციისგან განთავისუფლება, მოუგვარებელ პრობლემად დარჩა სასამართლოს დამოუკიდებლობა და მთლიან სისტემაზე აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენა. „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების მოლოდინის საწინააღმდეგოდ მოირგო ყველა ის მანკიერება, რაც სისტემაში არსებობდა და საკუთარ საყრდენად აქცია სასამართლოს წარმომადგენლები“ – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები ასევე აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა გზებით მაოხდინა საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება და მისი დამოუკიდებლობის მორღვევა, ხოლო ამ პროცესში ჩართულ პირებს კი მაღალი თანამდებობები უბოძა. სისტემაში მიღებული რეფორმების მიუხედავად, სასამართლო კვლავ რჩება ძლიერი კლანური გავლენის ქვეშ.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებას და ახალი ჯგუფის შექმნას, რომლებიც სასამართლო სისტემის რეფორმებზე იმუშავებენ.