ქვეყანა კარგავს ტერიტორიებს! რას ვუპირებთ უკვე დაკარგულ მიწებს?

ირინა ფხოველიშვილი

ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე

მიწების უცხოელებზე არ გასხვისების თემა დაიწყო ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პერიოდში. მიწას, რომელიც გვაჭმევს და რომელსაც უნდა მივებაროთ სიკვდილის შემდეგ, არ ჯყავს პატრონი. დიახ, ქვეყანაში დღეს მიწას არ ჰყავს პატრონი!

ყველა სამინისტროში გაბნეულია სამსახურები, არავინ არ იცის რომელი სამსახური რას აკეთებს, წარმოიდგინეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც არის სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სოფლის მეურნეობაში და მას არა აქვს შეხება მიწასთან. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც განკარგავს და გაყიდის ქართულ მიწას, არის ტიპიური სოვდაგარი და მას არ უნდა ჰქონდეს ამის უფლება!

ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის? 3 ათასი ერთეული მიწაა გასხვისებული 500 მეტრიან  სასაზღვრო ზოლში, ამ 3 ათასი ერთეულიდან 70% გადასხვისებულია უცხოელებზე! რას უშვებით დაუცველ საზღვარს?

ქვეყანა კარგავს მიწებს! ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის ოკუპაციაზე, მაგრამ არავინ ლაპარაკობს რას აკეთებს აზერბაიჯანი , რას აკეთებს სომხეთი და რა მოგველის ძალიან მალე ყარსის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ. ამიტომ სჭირდება მიწას დაცვა!

კარგია, რომ დღეს ასე ხმამაღლა მიდის მიწის დასაცავად საუბარი, მაგრამ 2012 წელს კაციშვილი არ გამოსულა, როდესაც ჩვენ გამოვდიოდით და ვითხოვდით მიწის დაცულობას.

მე თავად ვარ ფერმერი, მაქვს მიწა საკუთრებაში და მაქვს იჯარით, მე არ ავიღე სასაზღვრო ზოლში მიწები და არ გამოვისყიდე, ვისაც ასე ძმაკაცურ-მეგობრულად მიჰყიდეს ეს მიწები, დღეს გადასხვისებულია თურქებზე, არაბებზე, ინდოელებზე…საუკეთესო მიწების დიდი ნაწილი მიგდებული აქვთ! ისინი არ არიან ინვესტორები, ისინი არან ტიპიური ოკუპანტები, უსისხლოდ იპყრობენ ქართულ მიწას.

კონსტიტუციაში წერია-საქართველოს ტერიტორია არ გასხვისდება-რა არის ტერიტორია? რა თქმა უნდა – მიწა! როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო. ჩვენ არ ვიცით რამდენ მიწას ვფლობთ! ის, რაც სისხლით დავკარგეთ, ის, რასაც უსისხლოდ ყოველდღე ვკარგავთ გადმოჩოჩებული საზღვრებით, რასაც მდინარე ალაზანი გვართმევს. 10 წელი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ალაზნის მარჯვენა სანაპიროს გამაგრება მომხდარიყო, რომ ქართული მიწები აზერბაიანის სასარგებლოდ ასე ხელაღებით აღარ წასულიყო, ტენდერში 4 კომოანიამ გაიმარჯვა, მათგან 2 ქართულია და 2 აზერბაიჯანული, ქართული კომპანიები მუშაობენ და აზერბაიჯანელები არაფერს აკეთებენ. რას ვუპირებთ უკვე დაკარგულ მიწებს? თუნდაც მინდიჩაურზე, 11 კილომეტრით რომ არის ამოჩოჩებული საზღვარი, თუნდაც დავით გარეჯზე, რომელიც გადმოჩოჩებულია და კიდევ მოცოცავს? რას ვეუბნებით ალაზნის მიერ მიტაცებულ მიწებს! აღარაფერს ვამბობ რუსეთზე, ვხედავ „ვერაფერს ვაკლებთ“, მაგრამ ესენი ხომ კეთილი მეზობლები არიან?!