რა არის ანაფილაქსიის ძირითადი ნიშნები და როგორ იწყება ეს მოვლენა – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუში“ სტუმრობისას განმარტა რა არის ანაფილაქსიის ძირითადი ნიშნები და როგორ იწყება ეს მოვლენა. როგორც მან აღნიშნა, ანაფილაქსია არის არაპროგნოზირებადი ალერგიული რეაქცია და მისი წინასწარმეტყველება ვერ ხერხდება.

კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში არსებული პროტოკოლის თანახმად მას შემდეგ, რაც ადამიანი ვაქცინას გაიკეთებს ის მოსაცდელ ოთახში სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში იცდის, რომ რაიმე სახის გართულება არ იყოს.

„მთავარი, როცა ანაფილაქსიაზე ეჭვი მიგვაქვს, ზოგადად ვამბობ ახლა და არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ანაფილაქსიის მიზეზებში მოვიაზრებთ: მედიკამენტებს, მწერის ნაკბენს, საკვებსა და ლატექსს ეს 4 კომპონენტია ანაფილაქსიის წამყვანი მიზეზი. ანაფილაქსია უხშირესად არაპროგნოზირებადია, ანუ წინასწარ მისი გამოცნობა, ან რაიმე მარკერითა, ან ანალიზით განსაზღვრა, ამ ადამიანს დაემართება თუ არა არ არსებობს.

თუ ადამიანს აქვს ბრონქული ასთმა და ის არ არის ბოლომდე ნამკურნალები, ანუ კარგად მართული და ვთქვათ ნაკლებ ყურადღებას აქცევს, თუ მას განუვითარდება ანაფილაქსია, ასეთ ადამიანს მაღალი რისკი აქვს, რომ ის ძალიან მძიმედ წაუვა, რადგან სუსტი წერტილი უკვე აქვს. შესაბამისად, როცა ჩვენ ანაფილაქსიაზე ვსაუბრობთ, ცალსახად ვამბობთ, რომ ეს არის არაპროგნოზირებადი ალერგიული რეაქცია და მისი წინასწარმეტყველება ვერ ხერხდება.

კლინიკური სიმპტომატიკა, იმიტომაც არის რთული, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსი გახლავთ ის, რომ ანაფილაქსიისთვის დამახასიათებელია არა ერთი რომელიმე ნიშანი, არამედ რამდენიმე ნიშანი ერთდროულად და მაშინ ვამბობთ, რომ ანაფილაქსიაა. რაც კი მსოფლიოში ანაფილაქსია მოხდა, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით, 90 პროცენტი პირველ 30 წუთში განვითარდა, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში არის პროტოკოლი, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს ჰქონდა ალერგიული ანამნეზი თუ არა, ანუ წინასწარ კითხვარში მიუთითა თუ არა რაიმე პრობლემის შესახებ, როცა გაიკეთებს ვაქცინას ყველა 30 წუთის განმავლობაში მოსაცდელ დარბაზში ჯდება, ამის შემდეგ ადამიანს ძირითადად კანის რეაქცია ეწყება, ანუ გრძნობს სიმხურვალეს, წვისა და ქავილის განცდა აქვს და იწყება ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, ადამიანი ხშირად არის აფორიაქებული, ადგილს ვერ პოულობს. ანაფილაქსია არის, როცა ამ ყველაფერს კიდევ დაემატება ან სუნთქვის გაძნელება, ან პულსის გახშირება და წნევის დაქვეითება, მინიმუმ 30 პროცენტი, რასაც მე ვატარებ და კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკა: გულისრევა, ღებინება და მუცლის ძლიერი ტკივილი, ანუ თუ არის კანის რეაქცია და რომელიმე ეს 1 ნიშანი: გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, ან კუჭ-ნაწლავი მაშინ ვამბობთ მხოლოდ, რომ ეს არის ანაფილაქსია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.