„ხელებზე მაკოცა, ერთად დავბერდით და აბა შენ იცი, არსად არ წახვიდეო” – გლოვა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს

ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს დათა პაპას ხვალ დაკრძალავენ. დათა ვანიშვილი, რომელიც რუსულ მავთულხლართებს არ შეუშინდა და ცხოვრება ოკუპირებულ ზონაში, საკუთარ სახლში განაგრძო, ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„დათა რომ კვდებოდა დამაჯინა, ხელებზე მაკოცა, ერთად დავბერდით და აბა შენ იცი და შენმა ქალობამო, არსად არ წახვიდე, ქართველები დაგეხმარებიანო,” – თქვა ვალია ვანიშვილმა.

მას პატივს მიაგებენ საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები. ხალხი ხურვალეთთან იკრიბება, რომ დათა პაპას მადლობა უთხრას ღირსეული ბრძოლისთვის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.