27 წლის ექთნის ნათესავი- წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა, ვადგენთ, რატომ მიიღო მედიკამენტი და ვინ მისცა, ხელს ვერავის დავადებთ

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ნათესავის ინფორმაციით, მან „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის ჩატარებამდე, თავის ტკივილის გამო მედიკამენტები მიიღო. თუმცა,  ექსპერტიზის დასკვნამდე ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

„ჩივილები ჰქონია, რაღაც წამალი მიუღია, რადგან თავის ტკივილი ჰქონია წინა დღით. მეორე დღეს წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა. ახლა ვადგენთ, რატომ მიიღო ეს მედიკამენტი, ვინ მისცა. ხელს ვერავის დავადებთ, თუმცა, როგორც ინფორმაცია გვაქვს, ეს მედიკამენტები საავადმყოფოში მისცეს“, – აცხადებს  ნათესავი.

გარდაცვლილი ექთნის მეზობლები და ახლობლები ვარაუდობენ, რომ ვაქცინაცია არასწორად ჩატარდა და დროული რეაგირება არც შემდეგ მოხდა.

„არასწორად მოხდა აცრა, ან ვაქცინა არასწორად იყო შენახული ან ნემსი დაუდევრობით გააკეთეს. შეიძლება ექიმი ინფორმირებული არ იყო და გააკეთა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა. ალბათ, არ იყვნენ გადამზადებულები და მომზადებულები ვაქცინაციისთვის, რის გამოც ვერც ვაქცინაცია ჩაატარეს და ვერც დახმარება გაუწიეს. უნდა გაეკეთებინათ სინჯი, ალერგიული იყო თუ არა“, – აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.