რატომ დაიხურა ”წითელი ზონა” და ”ინტერვიუ”…

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი “რადიო თავისუფლების” გადაცემების დახურვაზე პირველ კომენტარს აკეთებს. ”კურიერთან” საუბარში ვასილ მაღლაფერიძე თავისუფალი სიტყვის ჩახშობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ”წითელი ზონა” და ”ინტერვიუ” ერთობლივი პროექტები არ იყო.

„ეს ორი გადაცემა არ არის ერთობლივი პროდუქტი. ეს არის „რადიო თავისუფლების“ პროდუქცია, შეიძლება ძალიან საინტერესო, მაგრამ ეს არის „რადიო თავისუფლების“ პროდუქცია, სადაც მხოლოდ პლატფორმად გამოიყენება საზოგადოებრივი მაუწყებელი,“ – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

გენერალური დირექტორის თქმით, ის რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების განხორციელების შემთხვევაში მიესალმება.

„რადიო თავისუფლებას, რასაკვირველია, შეიძლება, თავისი პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს სამეურვეო საბჭო, ჰყავს დიდი საბჭო, რომელიც იღებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს, ჰყავს აღმასრულებელი საბჭო და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას დააინტერესებს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მხოლოდ თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.