“ხელისუფლებამ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული პირობა!”

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

– ქართული საზოგადოების ზნეობრივი და პატრიოტულად მოაზროვნე დიდი ნაწილის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, ხელისუფლება გარკვეულწილად იძულებული გახდა წინააღმდეგობა გაეწია დასავლეთის ოდიოზური წრეების მოთხოვნებისთვის და კონსტიტუციაში ჩაეწერა, რომ – ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა! აგრეთვე ის, რომ – საქართველოში მიწის სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება აკრძალულია! ეს არის, უდავოდ დიდი წარმატება, თუმცა არ მეგონა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ამდენი ძალისხმევა დაგვჭირდებოდა ამის მისაღწევად! ამავდროულად, ხელისუფლებამ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული პირობა იმის შესახებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გააუქმებდა მაჟორიტარულ სისტემას და მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა მომდევნო არჩევნები!

დიახ, ხელისუფლებამ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ჩაწერა, რომ მხოლოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე! ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მაჟორიტარული სისტემის საშუალებით 7 წლით, გარანტირებულად გაიხანგრძლივა ხელისუფლებაში ყოფნის ვადა! ეს გახლავთ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი, რამაც ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი და საბედისწერო მოვლენები!

მაგალითად, მწვავე პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რისი მიზეზიც გახდება ჩატარებული არჩევნების ბოიკოტირება, ან კიდევ საარჩევნო შედეგების ლეგიტიმურად არ ცნობა, რასაც მოჰყვება მასობრივი დაუმორჩილებლობის საპროტესტო დემონსტრაციები, აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით, რაშიც არავინ არ არის დაინტერესებული, არც ხელისუფლება, არც კონსტრუქციული ოპოზიცია და მითუმეტეს, არც საზოგადოება!!!