რას ამბობდა 2014 წელს ნარმანია „სითი პარკზე“ …

როგორც ეტყობა, თბილისის მერობის კანდიდატებისთვის ერთ-ერთი თემა აუცილებლად იქნება „სითი პარკი“, რადგან ეს კომპანია თბილისელებს უკვე წლებია „მახრჩობელად ჰყავთ მონათლული“ და არც თუ უსაფუძვლოდ.

„სითი პარკი“ იყო მოქმედი მერის, დავით ნარმანიას „აქილევსის ქუსლიც“, რომელსაც თუ გახსოვთ მაშინ სპეციალური სხდომაც მიუძღვნა.  ჯერ კიდევ 2014 წლის 25 სექტებბერს გვითხრა ახლადარჩეულმა მერმა, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულებაში ცვლილება იოლი საქმე არ არის“-ო.

კითხვაზე – რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ხელშეკრულების შეჩერება და როდემდე უნდა გააგრძელოს ამ კომპანიამ თბილისელების გაყვლეფა?

აი, რას ამბობდა 2014 წელს ნარმანია:

– ჩვენი ყველაზე მთავარი მოთხოვნა,  რაც საზოგადოებას ჰქონდა, ის იყო, რომ გაგვესაჯაროებინა „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, ეს უკვე მიღწეულია და თბილისის მერიის ვებ-გვერდზე უკვე ორ კვირაზე მეტია დევს „სითი პარკთან“ გაფორმებული  ხელშეკრულება და მასში განხორციელებული სამივე  ცვლილება. შემდგომი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ასევე დამატებითი მდგომარეობის გაუმჯობესება დედაქალაქში – კერძოდ, ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე წაყვანის აკრძალვა. ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ თბილისის ბიუჯეტმა პარკირების მოსაკრებელიდან უფრო მეტი შემოსავლები მიიღოს.
„სითი პარკთან“ ხელშეკრულებაში ცვლილება იოლი საქმე არ არის, იმიტომ, რომ ხელშეკრულება მთლიანად კომპანიის ინტერესებზეა მორგებული და ჩვენ ეს საჯაროდ განვაცხადეთ. ზუსტად დღეს მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გამოიყო 50 ათასი ლარი იმისათვის, რომ საერთაშორისო კვალიფიციური აუდიტი დავიქირაოთ, აუდიტი გააკეთებს ხელშეკრულების სამართლებრივ-ფინანსურ ანალიზს და მოგვცემს კვალიფიციური დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ხელშეკრულებაში. ჩვენ მზად გვაქვს ხელშეკრულებაში ცვლილების შესატანი პროექტი, მაგრამ გვჭირდება  კვალიფიციური აუდიტის დასკვნა, რომ მეტად ვიყოთ დარწმუნებული ასეთი ცვლილებების საჭიროებაში.
ეს პროცესი გრძელდება, ჩვენ „სითი პარკისგან“ დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ და კიდევ ველოდებით სხვა დამატებით ინფორმაციას. ამიტომ, მომდევნო პერიოდში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილებასთან დაკავშირებით”.

წლები გავიდა, თბილისელების გულისწყრომა კი ჯერ არ განელებულა, პრობლემა პრობლემად რჩება.

რატომ გავიხსენეთ ეს ამბავი? უბრალოდ კარგი იქნება მერობის კანდიდატები დაფიქრდნენ, ვიდრე თბილისელებს „სითი პარკის“ პრობლემის აღმოფხვრას დაჰპირდებიან…